ეკონომიკა

საქართველომ და ინდოეთმა „ღია ცის“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

13.04.17 13:45


საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აშოკ გაჯაპატმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ „ღია ცის“ შეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმება ითვალისწინებს საქართველო-ინდოეთს შორის ფრენების სიხშირის ურთიერთშეთანხმებას და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დაწესებული სტანდარტების შესრულებას ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების თვალსაზრისით. საქართველო დაინტერესებულია პირდაპირი ავიამიმოსვლით შემდეგი მიმართულებებით: დელი, მუმბაი, ჰაიდარაბადი, ბენგალურუ, ჩენაი და გოა.

„ღია ცის“ შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს ავიაციისა და ფრენების განვითარებას. ვთვლით, რომ როდესაც ვემზადებით ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად და ვიკვლევთ ამ მიმართულებას, პირდაპირი ფრენები და „ღია ცის“ რეჟიმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს-კონტაქტებისთვის და ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა გახარიამ. ინდოეთში საქართველოს ელჩის, არჩილ ძულიაშვილის თქმით, საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დასაწყებად კონსულტაციები გაგრძელდება. „ეს შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსა და ინდოეთს შორის მომავალი ურთიერთობების განვითარების მხრივ — ეს არის ხალხთა შორის ურთიერთობა, ეს არის კულტურული და ეკონომიკური კავშირები და საერთო ჯამში, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე გაგრძელდება კონსულტაციები, რომ დაიწყოს პირდაპირი ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის”, — განაცხადა ძულიაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია დელიში ბაზრის კვლევისთვის გაემგზავრა, რომლის შემდეგ, სავარაუდოდ, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყება.

საქართველოსა დ ინდოეთს შორის 2016 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტის წილია 22,2 მილიონი აშშ დოლარი, იმპორტის კი — დაახლოებით 77,4 მილიონი აშშ დოლარი. საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ბოლო პერიოდში ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში მნიშვნელოვნად ვითარდება. ბოლო დროის განმავლობაში ქვეყნები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მოლაპარაკებებს აწარმოებენ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები