ეკონომიკა

გერმანია საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებაში დაეხმარება

14.04.17 16:40


გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების მიზნით 125 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კრედიტის მიღებისთანავე ელექტროგადმცემი ქსელის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დაიწყება. მისი მიზანია ელექტროგადამცემ ქსელთან ჰიდროელექტროსადგურების დასაკავშირებლად ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, რითაც გაიზრდება ელექტროგადამცემი ქსელის სიმძლავრე და ამაღლდება ამ ქსელის და ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება.

მეორე ფაზის ფარგლებში დაგეგმილია გურიის რეგიონში, თურქეთის მიმართულებით, გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის განვითარება და ასევე „ჩრდილოეთის რგოლის“ პირველი ფაზის განხორციელება, რომელიც ემსახურება საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ჰიდროელექტრო-სადგურების ენერგოქსელში ინტეგრაციას.

„გერმანიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენთვის ხელმისაწვდომია 700 მლნ ევროს კონცესიური კრედიტები და გრანტები, რაც, გერმანიის მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა“, — განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა KfW-სთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

ელექტროგადამცემი ქსელის მოდერნიზაცია საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების 2017-2027 წლების გეგმის ნაწილია. მოდერნიზაციაში მონაწილეობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მიიღებენ, მათ შორის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD) და მსოფლიო ბანკი. ქსელის მოდერნიზაციისათვის უახლოესი ათი წლის მანძილზე 735 მლნ ევროს ინვესტიციის მოზიდვა იგეგმება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები