საზოგადოება

საქართველოში პრემია "ლიტერას" ლაურეატები გამოაცხადეს

28.04.17 20:05


თბილისში ლიტერატურული პრემია "ლიტერას" ლაურეატები გამოვლინდნენ — გამარჯვებულები საქართველოს მწერალთა სახლში 27 აპრილს დაასახელეს.

აღნიშნული პრემია ქვეყანაში ლიტერატურული პროცესების განვითარებისა და წახალისების მიზნით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა. წელს პრემიის ნომინაციებში სიახლეა — კატეგორია "წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა". ამასთან, "ლიტერა" ერთადერთი პრემიაა, რომელიც აფასებს და აჯილდოებს წიგნის გარეკანის (ყდის) დიზაინის ავტორებს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ლიტერატორები და მწერლები ბელა წიფურია, ანა კორძაია-სამადაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, პაატა შამუგია და გიორგი ლობჟანიძე, პრემიის ლაურეატები გამოვლინდნენ ხუთ ნომინაციაში: წლის საუკეთესო დებიუტი, წლის საუკეთესო პოეტური კრებული, წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი, წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა და წლის საუკეთესო წიგნის გარეკანის (ყდის) დიზაინი.

თითოეულმა ლაურეატმა ფულადი პრემია 5000 ლარი და "ლიტერას" სტატუეტი მიიღო.

ნომინაციაში "წლის საუკეთესო დებიუტი" გაიმარჯვა გიორგი შონიამ წიგნისათვის "ჰანს პრომველის "ფაბრიკაცია" (გამომცემლობა"ინტელექტი"). "წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის" ჯილდო ერგო ვახტანგ ჯავახაძეს წიგნისათვის "ელეგია და სხვა" (გამომცემლობა"ინტელექტი").

"წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი" გახდა არჩილ ქიქოძის ნამუშევარი "სამხრეთული სპილო" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა), "წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა" გახდა როსტომ ჩხეიძის "პორტრეტი ოდისევსის სიჭაბუკისა" (გამომცემლობა "ჩვენი მწერლობა").

წიგნის გარეკანის (ყდის)საუკეთესო დიზაინად აღიარეს დიზაინერ ნატალია ავალიანის ნამუშევარი დენიელ კიზის წიგნზე "ყვავილები ელჯერნონისთვის". პრემია "ლიტერას" კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2016 წელს საქართველოში წიგნად ან ელექტრონულად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს. კონკურსზე შემოსული 98 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე გავიდა 33.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები