საზოგადოება

თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიაზე: ჩამოვედი, რომ გავიმარჯვო

01.05.17 21:40


თაკო გაჩეჩილაძემ, რომელიც კიევში სიმღერის საერთაშორისო კონკურს "ევროვიზია 2017"-ში მონაწილეობისთვის გაემგზავრა, კიევის საერთაშორისო საგამოფენო დარბაზის სცენაზე უკვე ჩაატარა პირველი რეპეტიცია.

რეპეტიციის შესახებ მოკლე ექსკლუზიური ვიდეორგოლი კონკურსის ოფიციალურ არხზე Youtube-ში გამოქვეყნდა.

როგორც თაკომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის კიევში სულ ახლახანს ჩავიდა და ქალაქის დათვალიერებას აპირებს. მომღერლის თქმით, უკრაინაში ის მეორედ იმყოფება.

ჟურნალისტებს აინტერესებდათ, მის შოუში იქნება თუ არა რაიმე სიურპრიზი. ამაზე გაჩეჩილაძემ უპასუხა: "არაფერს გეტყვით. სიურპრიზი სიურპრიზია". კონკურსის მოლოდინებთან დაკავშირებით კითხვაზე თაკომ უპასუხა: "აქ იმისთვის ვარ, რომ გავიმარჯვო".

მისი თქმით, ამ დღეებში მას დატვირთული გრაფიკი ელოდება: ის გეგმავს კიევში შოუს გამართვას, ასევე სხვადასხვა შეხვედრებს, სატელევიზიო ინტერვიუებსა და მრავალ რეპეტიციას.

გაჩეჩილაძის მეორე რეპეტიცია "ევროვიზიის" სცენაზე 4 მაისს გაიმართება. თაკო გაჩეჩილაძე "ევროვიზია 2017-ზე" სიმღერას Keep the Faith შეასრულებს, რომლის მუსიკაც ანრი ჯოხაძეს ეკუთვნის, ტექსტი კი — თავად გაჩეჩილაძეს. მომღერალი ამ კომპოზიციით მსოფლიოს შეახსენებს, რომ ადამიანს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უკეთესობისა უნდა სჯეროდეს.

ცოტა ხნის წინ ქსელში გამოჩნდა Keep the Faith-ის ვიდეოკლიპი, რომელსაც ამჟამად ინტერნეტ-მომხმარებლის 200 ათასზე მეტი ნახვა აქვს. გაჩეჩილაძის გამოსვლის სცენოგრაფია შვედმა რეჟისორმა და ქორეოგრაფმა საშა ჟან-ბაპტისტმა შეიმუშავა.

თამარ გაჩეჩილაძე საერთაშორისო სასიმღერო კონკურსზე "ევროვიზია 2017", რომლის პირველი ნახევარფინალი კიევში 9 მაისს გაიმართება, მეორე ნომრით წარდგება. ფინალი 13 მაისს გაიმართება.

უკრაინა კონკურსს მეორედ მასპინძლობს — პირველად ეს 2005 წელს იყო. ქვეყანას გამარჯვება მაშინ რუსლანამ მოუტანა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები