საზოგადოება

ფულის მითვისება აჭარაში: 8 წელი 5 მილიონისთვის

17.05.17 19:05


ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „ჰიგიენა 2009"-ის ყოფილი დირექტორი ირაკლი ცეცხლაძე დამნაშავედ ცნო 5 მილიონ ლარზე მეტის მითვისებაში. თანხა ნაგავსაყრელის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში ჩაშვებისთვის იყო განკუთვნილი.

ცეცხლაძის კომპანიას ნაგავსაყრელი ქობულეთის რაიონში უნდა აეშენებინა, მაგრამ მან 2016-2017 წლებში ფული მიითვისა. ბიზნესმენი მარტის თვეში დააკავეს, იუწყება აჭარის ტელევიზია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცეცხლაძის საბანკო ანგარიშებიდან, ბიუჯეტის სასარგებლოდ, 300 ათასზე მეტი ლარი ამოიღეს. გარდა ამისა, ტელეარხის ცნობით, გამოძიების პერიოდში, ასევე ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე ამოიღეს 600 ათასი ლარი.

კომპანია "ჰიგიენა 2009"-ს სრულად ფლობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა პროკურატურა აქამდე არ ავრცელებს ინფორმაციას, ბრალდებული მოქმედებდა მარტო თუ მას თანამზრახველები ჰყავდა და სად არის დარჩენილი მითვისებული თანხა.

"სასამართლომ მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. ბრალდებული ცნობილია დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში. მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს", — განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა დავით ჭარბაძემ. სასამართლო მოსმენების დროს ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები