საზოგადოება

ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები იქნებიან

18.05.17 15:00


თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი იხსნება, რომლის პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები — დათვები და მგლები არიან, იუწყება ზოოპარკის ადმინისტრაცია.

ზოოლოგიური პარკი ძველისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. აქ გისოსების ნაცვლად თხრილები და წყლის ბარიერი იქნება. ზოოპარკში სტუმრებს მრავალფეროვან სიახლეები ელოდებათ.

ახალი ზოოპარკისთვის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 48 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გამოიყო. ვოლიერის ფართობი 1 ჰა-ზე მეტია და იგი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა.ახალ ზოოპარკში ცხოველებისთვის საცხოვრებელი პირობები ძალიან კომფორტული იქნება — დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება, არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის, დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები — დათვები და მგლები არიან. ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია 4 მგელი და 3 დათვი. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ვოლიერი 13:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიის, გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები დაიდებენ ბინას. ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე, ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება ძველ ზოოპარკს, თბილისის მერიის განმარტებით, ტერიტორია მთლიანად შეინარჩუნებს რეკრეაციულ ფუნქციას. თბილისის ზოოპარკი 2015 წლის ივნისში მომხდარი წყალდიდობისას მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაიღუპნენ ცხოველები. ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თბილისის ზოოპარკი ახალ ადგილზე აშენდეს. წყალდიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკს მსოფლიოს ზოოპარკებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს და საქართველოში ცხოველებს დღემდე აგზავნიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები