საზოგადოება

თბილისში „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ გამოცემებს გამოფენენ

19.05.17 15:00


თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19 მაისს გამოფენა „ვეფხისტყაოსანი“ და „რუსთაველის ეპოქა“ გაიხსნება, სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ხელნაწერები, გამოცემები და ლეგენდარული ნაწარმოების ილუსტრაციები.

გამოფენა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასშტაბური ღონისძიების „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ ნაწილია, 27 მაისამდე გაგრძელდება.

აღნიშნული ღონისძიების ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს — 26 მაისს ჩატარდება. დაგეგმილი ღონისძიების დეტალური პროგრამა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

თსუ-ში გამოფენის სტუმრები გაეცნობიან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში დაცულ მასალებს.

გამოფენის ორგანიზატორები სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ გაეცნონ „ვეფხისტყაოსნის“ პირველ გამოცემას, რომელიც ქართული სტამბის დამაარსებლის ვახტანგ Vl-ის ინიციატივით, 1712 წელს გამოიცა და ასევე უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ ილუსტრირებულ 1888 წლის გამოცემას.

სტუმრები ასევე გაეცნობიან პოეზიის თარგმანებს ფრანგულ, გერმანულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, თურქულ, უკრაინულ, მოლდავურ, არაბულ, ჩეჩნურ, ლატვურ, ოსურ და სხვა ენებზე. გამოფენილი იქნება ასევე თარგმანი კორეულ ენაზე, რომელიც პირველად 2016 წელს გამოიცა. კორეულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას კორეის ელჩმა გადასცა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამოფენაზე მიხაი ზიჩის ილუსტრაციების ორიგინალებს და სადადგმო სცენებიდან ფოტოკადრებს წარმოადგენს, რომელიც უნგრელმა მხატვარმა თბილისსა და ქუთაისში ილუსტრაციების შექმნისთვის დადგა. ფოტოზე გამოსახულია XIX საუკუნის 80-იანი წლების ქართველ თავადაზნაურთა სახეები — გიორგი შარვაშიძე, ბაბო დადიანი და სხვები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რუსთაველის პოემისთვის ილუსტრაციების შექმნაში.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება „ვანის ოთხთავის“ ხელნაწერი, რომელიც თამარ მეფის ბრძანებით (1166 – 1213) გადაიწერა და პირადად მას ეკუთვნოდა.

XII საუკუნეში დაწერილი „ვეფხისტყაოსანი“ ქართული კულტურის უკვდავი ძეგლია. პოემა პირველად თბილისში 1712 წელს დაიბეჭდა. ამჟამად ის 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

„ვეფხისტყაოსანი“ — მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი დიდებული ძეგლია. ეპიკური პოემა იყო და კვლავ რჩება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე კითხვად ნაწარმოებად, რომელიც ქართული ლიტერატურის განვითარებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები