პოლიტიკა

საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს

26.05.17 15:20


26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს, რომელიც სასტუმროში „ჰუალინგ თბილისი“ გაიმართება.

26 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის სასახლეში (თამარ მეფის დარბაზი, A კორპუსი, 0 სართული) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პაოლო ალი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, დევიდ ჰობსი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ქართული და უცხოური მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

სესიის ფარგლებში, ოთხი დღის განმავლობაში, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციებია დაგეგმილი.

29 მაისს 9:00-13:00 საათზე ასამბლეის პლენარული სხდომა გაიმართება (სასტუმროში „ჰუალინგ თბილისში“). სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ასევე, დელეგატებს სიტყვით მიმართავენ ასამბლეის თბილისის სესიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტენმიულერი და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი.

პლენარული სხდომის დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო განზომილებას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 წევრ და 20-ზე მეტ ასოცირებულ, პარტნიორ და დამკვირვებელ ქვეყანას აერთიანებს.

ასამბლეის სესია არის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება, რომლის მუშაობაშიც 600-მდე მოწვეული სტუმარი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღეისათვის აკრედიტაცია მედიის 300-მდე საერთაშორისო და ადგილობრივმა წარმომადგენელმა გაიარა.

მაღალ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავების ხელსაყრელ პლატფორმას წარმოადგენს. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სესიის საქართველოში გამართვა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ის ხელს შეუწყობს საქართველოს და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებას.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ნატოს არაწევრს ქვეყნებში დღემდე მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა და დღეს ოთხივე ქვეყანა ნატოს წევრია. საქართველო რიგით მე-5 არაწევრი ქვეყანაა, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები