საზოგადოება

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

09.06.17 16:35


სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, დატოვებენ თუ არა შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენები საპატიმროებს.

სასამართლო სხდომა ნიუ-იორკში დღეს გაიმართება. მოკრივეებს ამერიკული სასამართლო, სავარაუდოდ, თავდებით გაათავისუფლებს.

ლევან მაყაშვილის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მასშტაბური სპეცოპერაციის დროს შეცდომით დააკავეს და მას საერთო არა აქვს კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი.

„მე ვნახე ლევანი და ის აცხადებს, რომ სრულიად უდანაშაულოა, მოხდა ისე, რომ ძალიან ბევრი ხალხი აიყვანეს და ისიც მოჰყვა მათში“, – აცხადებს ადვოკატი ლევან ნატალიშვილი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის, სავარაუდოდ, სპორტსმენები – ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების – UFC-ს მებრძოლი.

ამერიკის პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ. აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის პროკურატურამ დანაშაულებრივი სინდიკატის 33 წევრი დააკავა, რომელთა შორის 15 ქართველია. სინდიკატის წევრები წარმოშობით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან არიან.

დაკავებულებს ტვირთების გატაცება, სათამაშო აპარატების ძარცვა, ასევე, დაკვეთილი მკვლელობები ბრალდებათ. დაჯგუფების წევრებს, სავარაუდოდ, კავშირი აქვთ გამოძალვასთან, თაღლითობასთან, ნარკობიზნესთან და იარაღის უკანონო ტარებასთან.

დანაშაულებრივი გზით მიღებულ თანხებს ეს პირები რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში აგზავნიდნენ. ასევე, კავშირში იყვნენ ამ ქვეყნებში არსებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან.

აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის გარდა, „რუსული დანაშაულებრივი სინდიკატი“ ნიუ-ჯერსის, ფლორიდის, ნევადის და პენსილვანიის ტერიტორიაზე მოქმედებდა. დაჯგუფებას „კანონიერი ქურდები“ – რაჟდენ შულაია და ზურაბ ჯანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაციაში ნიუ-იორკის შტატის პოლიცია, FBI და საიმიგრაციო კონტროლის სამსახური მონაწილეობდნენ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები