საზოგადოება

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო

14.06.17 19:35


დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. მავნებლის საწინააღმდეგოდ დაახლოებით 48 ათასი ჰექტარი ფართობის დამუშავებაა დაგეგმილი.

სამუშაოების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი აბაშის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. შეწამვლითი სამუშაოები დღეიდან დაიწყო. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ. სურსათის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია და მოსახლეობას, ფერმერებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რადგან მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად და ეფექტიანად ჩატარება მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად“- განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ატარებენ. ქიმიური წამლობისას გამოიყენება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში.

მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობის არეალი იმ მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ჩაატარა. მონიტორინგის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება. პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით ჩატარდა სწავლებები და აქტიური საინფორმაციო კამპანია.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები