საზოგადოება

უანგარო დონორობა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება

15.06.17 15:00


2011 წლიდან საქართველოში უანგარო დონორობის შემთხვევების რიცხვი 3-5%-დან 26%-მდე გაიზარდა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება სისხლის დონორთა მსოფლიო დღე, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რეგულარული დონორობის მნიშვნელობის შესახებ და მადლიერების გამოხატვა ყველა უანგარო დონორის მიმართ, ვინც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემს სისხლს.

საქართველოში 2011 წლიდან ტარდება სახელმწიფო პროგრამა „უსაფრთხო სისხლი“, რომელშიც ამჟამად 13 სისხლის ბანკი მონაწილეობს. 2016 წელს პროგრამაში ჩართულ სისხლის ბანკებში განხორციელდა 80 361 დონაცია, მათგან 47 520 (59%) იყო კადრის დონორი. კადრის დონორები არიან ადამიანები, რომლებიც სისხლს აბარებენ წელიწადში ოთხჯერ და უფრო მეტჯერ, ისინი წელიწადში ორჯერ სამედიცინო შემოწმებას გადიან და სისხლის ბანკს ჯანმრთელობის შესახებ ცნობებს წარუდგენენ. გარდა ამისა, სისხლს აქტიურად აბარებენ იმ ადამიანთა ნათესავები, რომლებსაც სისხლის გადასხმა ესაჭიროებათ. მათი რაოდენობაა 12 460 ადამიანი. მესამე ადგილზეა უანგარო დონორები, რომელთა რაოდენობამ 20 381 ადამიანი შეადგინა.

სახელმწიფო პროგრამა „უსაფრთხო სისხლს“ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით. 2005 წლის მაისში ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა ერთხმად მიიღეს განცხადება სისხლის ნებაყოფლობითი დონორობის მხარდაჭერის შესახებ და 14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღედ გამოაცხადეს. 14 ივნისი კარლ ლანდშტაინერის — ექიმისა და ნობელის პრემიის ლაურეატის დაბადების დღეა, რომელმაც სისხლის ჯგუფები აღმოაჩინა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები