საზოგადოება

ოთარ დანელია: საუბარი იმის შესახებ, რომ მიღებული გადაწყვეტილება მიწების გაიაფებას გამოიწვევს, საფუძველს მოკლებულია

15.06.17 20:00


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გრძელდება პირველი მოსმენით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლითაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, მორატორიუმი ცხადდება.

„საუბარი იმის შესახებ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მიწების გაიაფებას გამოიწვევს, საფუძველს მოკლებულია. მიწის ფასები 2013 წლამდე გაცილებით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მორატორიუმის დროს – 2013-2014 წლებში.

მაქვს ხელშეკრულება, რომელიც 2012 წლის იანვარში დაიდო და რომლის მიხედვითაც, 51-მილიონი კვადრატული მეტრი მიწა 5-მილიონ ლარად გაიყიდა – ანუ ერთი კვადრატული მეტრი დაახლოებით 10 თეთრი გამოვიდა. ასეთი უამრავი ხელშეკრულებაა გაფორმებული”,- განაცხადა პლენარულ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ.

დანელიას აზრით, იჯარით, შესაძლებელი იქნება სერიოზული ინვესტორების მოზიდვა და ქართულ-უცხოური ერთობლივი ინვესტიციების განხორციელება, რასაც სახელმწიფო ხელს შეუწყობს.

პროექტის ავტორი და ინიციატორია “ქართული ოცნების“ 40-დეპუტატი.

პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება ჩერდება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასვლის საკითხს.

თავის მხრივ, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, კონსტიტუციას ემატება ნორმა, რომელიც მიწას განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსს ანიჭებს და მოითხოვს მასზე საკუთრების უფლების მოწესრიგებას ორგანული კანონით.

ასევე, მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილება ვერ გახდება მიწაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საკუთრების უფლების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველი, თუმცა იგი შესაძლებელს გახდის საკითხის განსაკუთრებულ რეგლამენტაციას მიწის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები