საზოგადოება

ირმა ინაშვილი - პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის მოქალაქეს, თუმცა ქართული მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა გასხვისდეს

15.06.17 21:45


ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის მოქალაქეს და არავითარ ფობიაში არ მინდა დამადანაშაულონ, თუმცა ქართული მიწა არ უნდა გასხვისდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, - ამის შესახებ ვიცე სპიკერმა, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვისას განაცხადა.

ინაშვილის თქმით, ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისება ქვეყანას ტერორიზმის კუთხითაც საფრთხეს უქმნის.

”პირდაპირ ვთქვათ, რა ხდება იმ მიწებზე, რომელიც უცხოელებს აქვთ შეძენილი - საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ხედავთ აზიური, არაბული ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებს და საქართველოში დამკვიდრებულ ოჯახებს. ისინი ყიდულობენ მიწებს და იქ აშენებენ სოფლებს. ეს არის არაბული, ინდური, ირანული სოფლები.

ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის მოქალაქეს და არავითარ ფობიაში არ მინდა მე დამადანაშაულონ, მაგრამ მე მინდა კარგად გავაცნობიეროთ საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენი სახელმწიფო შესაძლოა უახლოეს მომავალში დადგეს. ეს გარკვეულწილად უსაფრთხოებასაც უკავშირდება. აზიურ სოფლებში მაღალია ტერორიზმის საფრთხე”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა უცხო ქვეყნის მაგალითებიც მოიყვანა, სადაც მიწის გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ შეიძლება. ამასთან ინაშვილმა აღნიშნა, რომ მიწის საკუთრების შესახებ რეგულაციების გამკაცრება არ შეიძლება განვიხილოთ ადამიანის უფლებების შელახვად.

”მნიშვნელოვანია გამკაცრდეს რეგულაცია და მეტიც, კონსტიტუციაში აისახოს სულისკვეთება, რომ ქართული მიწა არ უნდა გასხვისდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში და ამ ფორმულირებას ველოდები. მიუხედავად ხელისუფლების არაერთი განცხადებისა, რომ ქართული მიწა არ უნდა გასხვისდეს, ჯერ მაინც არ დაფიქსირებულა ეს სულისკვეთება და მაინტერესებს რა ფორმულირებით იქნება კონსტიტუციაში წარმოდგენილი.

არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანის უფლებების შეზღუდვასთან რეგულაციების გამკაცრებას. უცხო ქვეყნის მაგალითები თუ გვინდა ლიტვაში არ შეიძლება გაყიდვა. იქ საუბარია ტყეებზე, პარკებსა და მინერალურ რესურსებზეც. ჩვენ, დიახ, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნები”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმაზე ვიფიქროთ თუ როგორ განვითარდეს ქართული სოფლის მეურნეობა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები