საზოგადოება

შსს: გორის ვიცე-მერის ბინის დაყაჩაღების ინსცენირება ძიძამ მოაწყო

16.06.17 20:20


შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში 2017 წლის 15 ივნისს, შეტყობინების საფუძველზე, მოქალაქე გ.რ.-ს ოჯახის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა მ. ჯ.-მ, რომელიც, დაახლოებით, სამი წელია, გორში მოქალაქე გ. რ.-ს ოჯახში ძიძად მუშაობს, აღნიშნული ოჯახიდან, რამდენიმე თვის წინ, ფარულად წამოიღო ოქროს ნივთები. როგორც მან დაკითხვისას აღიარა, საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან გადმოიღო ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ოქროს ნივთები, მათი ნაწილი ჩანთიდან ამოიღო, ხოლო დანარჩენი – კარადის თავზე დამალა. ბინიდან წამოღებული ოქროს ნივთები მ.ჯ.-მ ლომბარდში ჩააბარა.

იმის გამო, რომ ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოხსნა ვერ შეძლო, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.

უწყების ცნობით, 2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, მ.ჯ.-მ საძინებელ ოთახში და ლოჯიაში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანისამოსი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი ოქროს სამკაულის ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა, საძინებელ ოთახში გავიდა, იატაკზე, ბავშვების საწოლთან დაჯდა და ოჯახის დიასახლისის მოსვლას დაელოდა. სახლში დაბრუნებულ დიასახლისს მ.ჯ.-მ მოატყუა, თოთქოს თავს ყაჩაღები დაესხნენ.

შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მ.ჯ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. უახლოეს პერიოდში, საქმეზე მოხდება კვალიფიკაციის შეცვლა შესაბამისი მუხლით.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები