საზოგადოება

პატრიარქი საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების მომხრეა

19.06.17 14:40


ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი მონარქიაა და მმართველობის ამ ფორმას ქვეყნისთვის მშვიდობა მოაქვს, თქვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ კვირას სამების საკათედრი ტაძარში გამართულ საკვირაო ქადაგებაზე.

საქართველო ამჟამად საპარლამენტო რესპუბლიკაა. კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს მმართველობას, რომლის დროსაც მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია და სახელმწიფო მმართველობის სფეროში მას არ გააჩნია უზენაესი უფლებამოსილება. "კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში. საქართველო არის უძველესი ქვეყანა, უძველესი კულტურით. იქნებ გვეფიქრა, რომ საქართველო არის უძველესი მონარქია. ღვთის წყალობით, მეფე გვმართავდა. დღეს ხშირი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა მონარქი ეწოდება, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. ამას ეწოდება კონსტიტუციური მონარქია. ეს რა თქმა უნდა დღეს და ხვალ ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი", — თქვა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე. პარლამენტი დეპუტატმა მმუკა მდინარაძემ, რომელიც მმართველი პარტიის „ქართული ოხნება-დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერის ეს პოზიცია პატივისცემას იმსახურებს და ამ საკითხში გამორიცხული არაფერია. "პატრიარქის პოზიცია ყოველთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. დღეს შეიძლება კონსტიტუციური მონარქიისთვის, ქვეყნის ასეთი მოწყობისთვის მზად არ ვიყოთ, მაგრამ სამომავლო, შედარებით შორეულ პერსპექტივაში ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შესაძლოა ეს საკითხი ძალიან სერიოზულად განიხილოს, მით უმეტეს, როდესაც ამას პატრიარქი საკუთარ ქადაგებაში მეორედ ახსენებს. საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენამ შესაძლებელია გარკვეული განსაკუთრებულობა, ინდივიდუალიზმი და ხიბლი შესძინოს ქვეყანას ბევრი თვალსაზრისით", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ამ იდეის წინააღმდეგ გამოვიდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წევრები. „პატრიარქს, ცხადია, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისი კეთილი სურვილიდან გამომდინარეობს. მონარქია, ზოგადად, მოძველებული მართვის სისტემაა, ამდენად, ამ აზრს მე, დიდი პატივისცემით, ვერ დავეთანხმები. მონარქია არის ერთი ოჯახის, რომელიც იჩემებს მირონცხებულობას, ღვთისგან მიღებულ უფლებას, რომ მართოს ერი, ამ ერთი ოჯახის მმართველობა, მაშინ როდესაც დემოკრატია არის ხალხის მიერ არჩეული ადამიანების დროებითი მმართველობა. მონარქიის და ასეთი საკარნავალო ტახტის შექმნის მომხრე, პირადად მე, არ გახლავართ, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ამ აზრის ავტორისადმი,“ — განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ნიკა რურუამ.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები