ეკონომიკა

გიორგი გახარია სომხეთის პირველ პირებს შეხვდა

01.07.17 14:00


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და პრემიერ კარენ კარაპეტიანთან ერევანში გამართულ შეხვედრაზე, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გახარია სამუშაო ვიზიტით ერევანს ხუთშაბათს ეწვია, რომლის ფარგლებში სომეხ კოლეგასთან, სურენ კარაიანთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა და დაესწრო ქართულ-სომხურ ბიზნეს-ფორუმს, რომელშიც ორი ქვეყნის 150-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენი კომპანიების თანამშრომლობის გაძლიერებას, ვაჭრობის განვითარებას, ჩვენი კომპანიების მიერ საერთო წარმოებების შექმნას მესამე ბაზრებზე წვდომისთვის, ასევე ტურიზმის, ლოგისტიკური მიმართულებებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას“, — განაცხადა გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინიტრთან შეხვედრის დასასრულს.


ვიზიტის ფარგლებში გახარიამ მიაღწია შეთანხმებას სპეციალურ ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც კერძო ქართული და სომხური კომპანიების პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული.

სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში კავშირზე იქნებიან ერთმანეთთან იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე პრობლემა შეექმნება რომელიმე სომხურ კომპანიას საქართველოში, ან ქართულ კომპანიას სომხეთში.

"საქსტატის" მონაცემებით, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

2016 წელს ქვეყნებს შორის არსებულმა სავაჭრო ბრუნვამ 367,4 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს საქართველოდან სომხეთში გავიდა ავტომობილები, ეთილის სპირტი, სასუქი, ელექტროენერგია, სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებები და სხვა პროდუქცია.

სომხეთიდან საქართველოში შემოვიდა სპილენძის მადანი და კონცენტრატები, ბალონები, ბოთლები და სხვა ჭურჭელი, ეთილის სპირტი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები