ეკონომიკა

ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 89%-ით გაიზარდა

06.07.17 20:05


რუსეთი კვლავ ქართული ღვინის ძირითადი მომხმარებელია — 2017 წლის იანვარ-ივნისში ამ ქვეყანაში 19,3 მილიონზე მეტი ბოთლი გავიდა ექსპორტზე.

საქართველომ 2017 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე გაიტანა დაახლოებით 31,5 მილიონი ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59%-ით მეტია. ამ პერიოდში საქართველომ 70,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო მსოფლიოს 44 ქვეყანაში გაგზავნა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 51%-ით მეტია, აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 59%-ით გაიზარდა. 51%-ით მოიმატა ღვინის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა, გაზრდილია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია. ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ისა და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კერძო სექტორის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია" — აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც ექსპორტირებულია 19,3 მლნ ბოთლი ღვინო. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 89% შეადგინა.

მეორე ადგილზეა ჩინეთი, სადაც ექსპორტირებულია 3,8 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო.

ექსპორტის ზრდამ ჩინეთში 104% შეადგინა. იმპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობით მესამე ადგილზეა უკრაინა — დაახლოებით 3 მლნ ბოთლი, ექსპორტის ზრდა — 30%.

ქართული ღვინის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შევიდნენ პოლონეთი და ყაზახეთი. ექსპორტმა ამ ქვეყნებში 1,2 მლნ ბოთლზე მეტი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა ყაზახეთში — დაახლოებით 1,2 მლნ ბოთლი.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბრენდის ექსპორტმა, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაში განხორციელდა, დაახლოებით 6,9 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ით მეტია. ბრენდის ექსპორტმა ფულადი გამოსახულებით 16 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის პერიოდზე 88%-ით მეტია.

მთლიანობაში 2017 წლის იანვარ-ივნისში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები 122,1 მლნ აშშ დოლარს ჭარბობს — ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 56% შეადგინა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები