საზოგადოება

საქართველოში ჩვ. წ. VII საუკუნის წარწერის აღმოჩენის ადგილას მუზეუმს ააშენებენ

04.08.16 16:05


ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ გრაკლიანის გორასთან სამუზეუმო სივრცის მშენებლობას იწყებს, სადაც წარმოდგენილი იქნება იქ აღმოჩენილი ყველა არტეფაქტი, ნათქვამია მეცენატის საიტზე.

გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.

სწორედ ამ ძეგლის ტერიტორიაზე 1 წლის წინ აღმოჩენილია უნიკალური წარწერა,რომელიც ამერიკის სპეციალისტებმა ძვ.წ 1005-920 წლებს მიაკუთვნეს. რაც იმას ცხადყოფს, რომ საქართველოში დამწერლობა 3 ათასი წლის წინ გაჩნდა.

აღმოჩენილი წარწერა საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ადრეულია.

არქეოლოგების თქმით, გრაკლიანის წარწერა ჯერჯერობით გაშიფრული არ არის, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რახან ის საკურთხეველზეა ამოტვიფრული, რელიგიური შინაარსისა იქნება, რაც იმ დროს მხოლოდ ქურუმებისთვის იქნებოდა გასაგები.

არქეოლოგები: საქართველოში დამწერლობა ჩვ. წ. აღ.-მდე VII საუკუნეში არსებობდა. თუ აღმოჩნდება, რომ გრაკლიანის წარწერა ანბანია, მაშინ დადასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წერა ფინიკიელებზე 200 წლით ადრე დაუწყიათ.
გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით, საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს. იქ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დააფინანსა საგზაო დეპარტამენტმა. ხოლო მისი კონსერვაცია და ობიექტის შემდგომი განვითარება გზის მშენებლობის გამო შეჩერებული იყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს (თითქმის 8 წლის შემდეგ) ინტერესი გამოთქვა ამ ობიექტის საფუძვლიან შესწავლაზე, მის კონსერვაციასა და საერთაშორისო სტანდარტებით სამუზეუმო სივრცის მოწყობაზე.

იმავე წელს დაიწყო მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები,რომელთა შედეგად აღმოჩენილია ნასახლარები, სამეურნეო დანიშნულების ობიექტები და სამარხები, რომლებიც ჩვ.წ. IV – I საუკუნეებს ეკუთვნის, შემდეგ კი ჩვ. წ. VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთხეველი.

იქვე აღმოჩენილია ორი სატაძრო კომპლექსი, ერთერთი იბერიის პირველი მეფის-ფარნავაზის — მმართველობის პერიოდს განეკუთვნება. მოგვიანებით გრაკლიანის გორას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2016 წელს ძეგლის ტერიტორიაზე მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები