საზოგადოება

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი აშენდება

06.10.16 15:05


„თურქეთის მხარეს „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყება,“ — აღნიშნული განცხადება თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა, ბიულენთ თუფენქჯიმ ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქ კოლეგასთან გამართულ შეხვედრას საინტერესო და საქმიანი უწოდა და მადლობა გადაუხდა სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.

როგორც მან აღნიშნა, ქართულმა მხარემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო დავალება თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, დაიწყოს ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი „მარადიდი-მურათლის“ მშენებლობა, რისთვისაც თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

სტუმარმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას და სავაჭრო ბრუნვის უფრო მაღალ დონეზე აყვანის მნიშვნელობას.

„ჩვენი ურთიერთობები სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვის, ჩვენი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ეს ასპექტი გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ყველა სფეროში არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების კუთხით, არამედ ტრანზიტული თვალსაზრისთაც,“ — განაცხადა თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა ბიულენთ თუფენქჯიმ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებული პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები