მეცნიერება

გიორგი ამილახვარი: ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსებ

05.02.24 17:01


ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება, მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება და დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი. დაწყებულია საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური (STEM), ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური სამეცნიერო საგრანტო კონკურსების დაფინანსების ზრდა და ფუნდამენტური კვლევების მასშტაბის გაფართოება,‘ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

 

გიორგი ამილახვარის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას. როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, გაძლიერდება გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის პროცესი. ამასთან, გაგრძელდება რეფორმის განხორციელების პროცესი, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სრულ ფუნქციურ ინტეგრაციას, მეცნიერების მართვის სისტემის დახვეწასა და კვლევების დაფინანსების მოდელის სრულყოფას.

 

„რეფორმის ფარგლებში განხორციელდება სამეცნიერო კვლევითი ერთეულების რანჟირება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო განსაზღვრავს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისთვის სავალდებულო მინიმალურ სტანდარტებს და იზრუნებს საქართველოში მოქმედი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებაზე‘‘, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ხელი შეეწყობა საერთაშორისო ჩარჩო პროგრამებსა და სამეცნიერო პროექტებში სამეცნიერო ინსტიტუციებისა და კვლევითი ჯგუფების აქტიურ ჩართულობას. ამასთან, განხორციელდება ორმხრივი/მრავალმხრივი სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური პროექტები და შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები. როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მხარდაჭერილი იქნება ქართველი მკვლევრების ჩართულობა ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „Horizon Europe“-ის საგრანტო კონკურსებში. ასევე, გაგრძელდება სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები