საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე - მეტროსადგურები გამოყოფილია და ყველაზე ერთად გამოცხადება ტენდერი, თუმცა სამუშაოები ყველგან ერთდროულად ვერ დაიწყება

03.04.24 15:49


თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, უკვე გამოყოფილია მეტროსადგურები, სადაც რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს და ყველაზე ერთად გამოცხადება ტენდერი, თუმცა, მისივე განმარტებით, სამუშაოები ერთდროულად ვერ დაიწყება.

 

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერია ამ ეტაპზე საკონსულტაციო კონტრაქტის დადებაზე მუშაობს.

 

„მეტროსადგურები გამოყოფილია და ყველაზე ერთად გამოცხადება ტენდერი, თუმცა ყველა ერთად ვერ დაიწყება, ამაზე ჩვენ გვისაუბრია. იმიტომ, რომ ყველა მეტროსადგურის ერთად გაჩერება და სამუშაოების წარმოება მნიშვნელოვნად შეაფერხებს მეტროს სისტემის ფუნქციონირებას, ამიტომ ამაზეც კონსულტანტები იმუშავებენ. ჩვენ ამ ეტაპზე ვმუშაობთ საკონსულტაციო კონტრაქტის დადებაზე, კონსულტანტების შერჩევაზე „იბიარდთან“ ერთად და, რა თქმა უნდა, ესენი დაგვეხმარებიან დეტალურ დიზაინზე, სატენდერო პაკეტზე ასევე, პროცესზე თუ როგორ სჯობს განხორციელდეს თითოეული სადგურის რეაბილიტაცია. ეს დეტალები ნელ-ნელა უფრო და უფრო ცხადი გახდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ავლაბრის მეტროსადგურზე სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე დასრულდეს.

 

„წინა და სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, რომელიც ჩვენ ვარკეთილის მეტროს და გოცირიძის მეტროს შემთხვევაში გვქონდა, ამ შემთხვევაში ნამდვილად სახეზე კონტრაქტორის მხრიდან პირობების დარღვევა არ გვაქვს, თუმცა სახეზე გვაქვს სამუშაოების წარმოების დროს პროექტისგან განსხვავებული გარემოებების დროდადრო გამოვლენა, რამაც განაპირობა უკვე გარკვეული ცვლილებები. თითოეული ცვლილება დაკავშირებულია შემდგომში ექსპერტიზის სამუშაოებთან, ექსპერტიზის შენიშვნების გათვალისწინებასთან და ამის შემდეგ ნებართვაში ცვლილებების შეტანა. ცოტა უფრო ხანგრძლივი დრო დასჭირდა სამუშაოებს, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო. ავლაბრის მეტროს შემთხვევაში ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვადის ბოლომდე გაგრძელდება ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები. იმ მონაცემებით, როგორც დღეს მიმდინარეობს პროცესი და როგორც ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ, ჩვენ ვიმედოვნებთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ავლაბრის მეტროზე სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე დავასრულოთ და ფუნქციონირებაში გავუშვათ“, - აღნიშნა ხმალაძემ.

 

რაც შეეხება ვარკეთილის მეტროსადგურს, როგორც ხმალაძემ აღნიშნა, „წლის ბოლომდე სამუშაოების დასრულება იქაც უნდა მოვახერხოთ“.

 

გარდა ამისა, ხმალაძემ ისაუბრა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე და აღნიშნა, რომ მათი დემონტაჟი, შესაძლოა, 2 თვეში მოხდეს.

 

„ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს, რომ მონაცვლეობის ხელშეკრულების დადებიდან 2 თვეში უნდა მოხდეს სადგურების დემონტაჟი. კომუნიკაცია პირადად სამივე ბენზინგასამართ სადგურის წარმომადგენლებთან მაქვს. ისინი მზადყოფნას გვიდასტურებენ, რომ 2 თვეში სრულად დემონტაჟი გაკეთდება“, - აღნიშნა ხმალაძემ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები