მეცნიერება

გიორგი ამილახვარი - ეროვნული თანხმობა არსებობს იმაზე, როგორი სკოლა უნდა ავაგოთ და როგორი მოქალაქის მიღება გვინდა

04.04.24 10:24


ეროვნული თანხმობა არსებობს იმაზე, როგორი სკოლა უნდა ავაგოთ და როგორი მოქალაქის მიღება გვინდა,- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.

 

„შესაბამისად, ეს საზოგადოების დაკვეთაც იყო და სხვანაირად ვერც გამოვიდოდა. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ავაგეთ შემდეგ მთავარ პრინციპებზე – ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებები, ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლობით განმსჭვალული ადამიანის აღზრდა; სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის, ასევე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა. ეს არის, ასე ვთქვათ, პირველი ძირითადი პრინციპი, რაც ხაზგასმით უნდა ეწეროს იმ ფუძემდებლურ დოკუმენტში, რომელიც, პრაქტიკულად, არის კონსტიტუცია ზოგადი განათლებისთვის, რომ სწორედ ასეთი ადამიანის აღზრდა გვინდა და ეს პირდაპირ დეკლარირებულად არის ჩვენი გუნდის გაცხადებული კურსი“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

მისი თქმით, ამ დოკუმენტში გათვალისწინებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი, გარემოს დაცვაზე ზრუნვა, უნივერსალური ღირებულებები, ტექნოლოგიებთან ადაპტირება და ყველა ის უნარები, რაც ადამიანს სჭირდება, თანამედროვე ცხოვრებისთვის გამოიმუშაოს.

 

„ეს არის ის პირველადი მარცვალი, რომელზეც შემდგომ უნდა დაშენდეს ყველა საგნობრივი სტანდარტი და რომლის გადამუშავების პროცესიც ასევე დაწყებულია. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველა სახელმძღვანელო და სასწავლო რესურსიც უნდა პასუხობდეს ამ პოსტულატებს და, თავისთავად, მასწავლებელთა გადამზადება-კვალიფიკაციისამაღლება“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ადამიანი აღზრდილი უნდა იყოს პატრიოტულ სულისკვეთებაზე, ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ტრადიციებზე, ჰქონდეს თავისი ქვეყნის კულტურის, ისტორიის, ენის სიღრმისეული ცოდნა, პატივისცემა და პატივს სცემდეს ოჯახის ღირებულებებს.

 

„ეს არის ის ძირითადი ხაზი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და რაც მოცემულია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში. პრაქტიკულად, საბოლოო ფაზაზე ვართ და უახლოეს მომავალში, ალბათ შემდეგ კვირაშიც კი, აღნიშნული ზგემ-ის პროექტი დაინიცირდება მთავრობაში“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

1tv.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები