პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული

22.04.24 13:25


გამოცდილება გვკარნახობს ჩვენ, რომ თუ არის საკითხები, რომელიც ეროვნული მნიშვნელობისაა, ეს საკითხები დროულად იყოს განხილული, შეთანხმებული და მოწესრიგდეს ისეთ ადგილას, რომლის შეცვლაც რთულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში განაცხადა, სადაც „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.

 

„როდესაც ამ თემის ინიცირება მოხდა, ალბათ გსმენიათ მოსაზრებები - კი მაგრამ, რამდენად არის ეს აქტუალური, მწვავე საკითხი, რომელიც დღეს და ახლა საჭიროებს რეგულირებას. მე მაშინაც ვთქვი და გავიმეორებ - მე, ისევე როგორც ჩვენი კოლეგები, 2017 წლის საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვიყავი, როდესაც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით კონსტიტუციის ცვლილების ბოლო რედაქცია შემუშავდა და მივიღეთ და მაშინ გახსოვთ საკითხი, როდესაც 30-ე მუხლში გაიწერა ქორწინება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი. მაშინაც ეს არგუმენტი იყო, კი მაგრამ სამოქალაქო კოდექსში ისედაც ასეა მოწესრიგებული და რა საჭიროა კონსტიტუციაში ამის ჩაწერაო. მაშინაც ეს არგუმენტები იყო - საკითხის კონსტიტუციით გამყარება არის აბსოლუტურად სხვა დონე, სიმტკიცე და ერისა და ხალხის სხვა პოზიცია გარკვეულ საკითხებზე. იმ მომენტში შეიძლება არ იყო აქტუალური, მაგრამ ჩანდა ტენდენციები, რომ ეს საქართველოში აქტუალური გახდებოდა და მართლაც, 2017 წლის შემდეგ რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ საკითხები ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კვლავ წამოწეულიყო, ამიტომ ეს გამოცდილება გვკარნახობს ჩვენ, რომ თუ არის საკითხები, რომელიც ეროვნული მნიშვნელობისაა, ეს საკითხები დროულად იყოს განხილული, შეთანხმებული და მოწესრიგდეს ისეთ ადგილას, რომლის შეცვლაც რთულია. იცით, რომ კონსტიტუციის ცვლილებას დღეის მდგომარეობით სჭირდება პარლამენტის წევრთა სამი მეოთხედი იმისთვის რომ ძალაში შევიდეს მყისიერად, ამიტომაც ის ყველაზე მტკიცე საკანონმდებლო აქტია, რომელიც ამ მხრივ პოლიტიკური მიზანშეწონილობით რაღაცების გადაწყვეტისგან დაცულია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები