პოლიტიკა

დავით ბაქრაძე - დოკუმენტი, რომელსაც დღეს ვიღებთ, დგას მხოლოდ ერთ კონსენსუსზე - ეს არის კონსენსუსი მხოლოდ ”ქართული ოცნების” შიგნით

22.06.17 16:15


დოკუმენტი, რომელსაც დღეს ვიღებთ, დგას მხოლოდ ერთ კონსენსუსზე - ეს არის კონსენსუსი მხოლოდ ”ქართული ოცნების” შიგნით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციით, სუსტდება სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი.

უმცირესობს ლდერმა სიტყვით გამოსვლისას ძირითადად ყურადღება პრეზიდენტის არჩევის წესსა და მის უფლებამოსილებაზე გაამახვილა. ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა იძლევა გარანტიას, რომ ის კვლავ შემაკავებლისა და შტოებს შორის ბალანსის დამცველის მატარებლის ფუნქციას შეასრულებს.

”ვფიქრობ, არსებობს სამი ძირითადი თემა, რითაც საზოგადოებას დაამახსოვრდება საკონსტიტუციო ცვლილებები. პირველი გახლავთ ის, რომ ამ ცვლილებებით ხალხს ვართმევთ პრეზიდენტის არჩევის უფლებას. მეორე ის, რომ დაპირება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასავლის შესახებ, გადაიდო 8 წლით და მესამე გახლავთ ის, რომ ამ ცვლილებების მიღება ხდება სრული ანტიკონსენსუსის პირობებში, როდესაც ცვლილებები გავა მხოლოდ ერთი პარტიის ხმებით.

გამოვეხმაურები იმ მოსაზრებას, რომ დღევანდელი სისტემა არის ავტოკრატული. ჩემო ძვირფასებო, 2010 წელს რომ ავტოკრატული სისტემის შექმნა გვდომებოდა, იმას გავაკეთებდით, რასაც აკეთებთ დღეს. არ იქნებოდა პრეზიდენტის ცალკე არჩევნები და მთელი ძალაუფლება იქნებოდა პრემიერ-მინისტრის ხელში.

დღევანდელი პრეზიდენტის პირობებშიც კი, რომელიც ”ქართული ონების” პოლიტიკური გუნდის წევრია, პრეზიდენტის ინსტიტუტს გააჩნია სერიოზული შეკავების და გაწონასწორების ფუნქცია. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც აწონასწორებს მთავრობას. ამას აკეთებს პრეზიდენტი მარგველაშვილი და ამას გააკეთებს ნებისმიერი პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი საქართველოში. პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებით, პირდაპირი არჩევის წესის გაუქმებით, თქვენ ასუსტებთ გაწონასწორების და დაბალანსების სისტემას და ამით ბალანსი იხრება პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მხარეს.

ეს არის დოკუმენტი რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ”ქართულ ოცნებას” ფუნდამენტური რეფორმის ჩასატარებლად არ გააჩნია არც პოლიტიკური ხედვა და არც პოლიტიკური ერთიანობა. დოკუმენტი, რომელსაც დღეს ვიღებთ, დგას მხოლოდ ერთ კონსენსუსზე, ეს არის კონსენსუსი მხოლოდ ”ქართული ოცნების” შიგნით”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები