საზოგადოება

32.5 გრადუსზე გარე სამუშაო უნდა აიკრძალოს - პროფკავშირები

31.07.17 16:15


ზაფხულში ტემპერატურის მომატებასთან ერთად გარკვეული სახის სამუშაო უნდა იზღუდებოდეს, რასაც მთავრობისბრძანებაც ადასტურებს. როგორც პროფკავშირისწარმომადგენლები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, არსებობს საკმაოდ დიდი მოცულობის შკალა, სადაც განმარტებულია, რა ტემპერატურაზე რა ტიპის სამუშაო რა სახით უნდა შეიზღუდოს, თუმცა უმოქმედოა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, პროფკავშირების განცხადებით, გარე სამუშაოები %32,5 გრადუსზე უკვე დაუშვებელია.

ბოლო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა 32,5 გრადუსზე ბევრად მაღალია, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებიც ცხადყოფს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 27 ივლისს დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა %39, %41 გრადუსის ფარგლებში მერყეობდა. კერძოდ, სენაკში %39, სამტრედიასა და ზესტაფონში %41 გრადუსი აღინიშნა. მათივე სტატისტიკური მონაცემებით, განსაკუთრებით ცხელი ზაფხული 2000, 2006 და 2010 წლებში იყო.

"მათ შორის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურით გამოირჩეოდა 2000 წელი. 2000 წლის 30 ივლისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის შემდეგი აბსოლუტური მაქსიმუმები იყო: მარტვილი, ფოთი, სამტრედია %45, ქუთაისი %43, ზესტაფონი, ზუგდიდი, საქარა, საჩხერე, ამბროლაური %42, ცაგერი, ხულო, ახალციხე, ქობულეთი %41 გრადუსი," - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რაც შეეხება მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზს, როგორც სინოპტიკოსები "მთელ კვირასთან" აცხადებენ, 2 აგვისტომდე ტემპერატურა %32 გრადუსამდე იქნება, 2 აგვისტოდან კი კვლავ ელოდებიან ტემპერატურის მომატებას და აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია %36, %38 გრადუსი და მეტიც.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ტემპერატურის დროს გარკვეული სახის სამუშაო უნდა შეიზღუდოს. როგორც რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, სხვადასხვა ტემპერატურაზე განსხვავებული ტიპის შეზღუდვა მოქმედებს, თუმცა, სამწუხაროდ, რეგულაციები არ არის ქმედითი და მას არავინ იცავს, რაც დასაქმებულთა უფლებების დარღვევაა.

"მთავრობის ბრძანებაში კონკრეტულად არის გაწერილი, რა ტემპერატურაზეა დასაშვები მუშაობა და რა ტემპერატურაზე - არა. მაგალითად, ზედა ზღვარი გარე სამუშაოების დროს არის %32,5 გრადუსი და თუ ტემპერატურა აღემატება ამ მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში მუშაობა კატეგორიულად იკრძალება.

"ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობის შკალა, სადაც ზუსტად არის გაწერილი, რა ტემპერატურაზე რა ტიპის სამუშაო იკრძალება. სამწუხაროდ, დამსაქმებლების მიერ ეს დადგენილება არ სრულდება, რაც დასაქმებულების შრომითი უფლებების დარღვევაა და ამაზე მითითების დროს ისეთ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ამის ახსნაც კი წარმოუდგენელია.

"ამიტომ ვითხოვთ შრომითი ინსპექციის შექმნას, რათა იარსებოს ორგანომ, რომელიც დაიცავს დადგენილ სტანდარტებს და გააკონტროლებს დამსაქმებლებს, რამდენად კეთილსინდისიერად იცავენ დასაქმებულთა უფლებებს.

"ის შრომის კოდექსი, რაც გვაქვს, არის საჩვენებელი, რადგან არ გააჩნია არავითარი მექანიზმი, რომ დამსაქმებელს კანონის დარღვევის შემთხვევაში სანქცია დააკისრო. ამიტომაც დამსაქმებელი თავისუფლად არღვევს დასაქმებულის უფლებებს, რადგან იცის, რომ პასუხსაც არავინ მოსთხოვს," - აცხადებს ვიტალი გიორგაძე.

მაღალი ტემპერატურის დროს მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი.

"დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს, ხოლო ღამით - 24-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ; ღამით უნდა გაიღოს ფანჯრები და ასეთ მდგომარეობაში უნდა დარჩეს დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის); დღისით უნდა შემცირდეს სახლში სიცხის შეღწევა - აუცილებელია, დაიხუროს ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს, შეძლებისდაგვარად გამოირთოს ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება; უნდა ჩამოიკიდოს მზის მხარეს დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები და სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს; მათ, ვისაც სახლში აქვს კონდიციონერი, უნდა დაკეტონ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენონ ელექტროენერგია; რაც შეეხება ვენტილატორს, გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 35 გრადუსს. თუ ტემპერატურა აღემატება 35 გრადუსს, ის ვერ მოხსნის სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ცენტრის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. რაც შეეხება სიცხისგან დაცვას, გამოქვეყნებული რეკომენდაციები ასეთია:

"უნდა მოხდეს გადასვლა ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით - ღამით. თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, უმჯობესია, დღეში 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად, რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდიციონერით გრილდება)."

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მაღალი სიცხის დროს მოქალაქეებს მოუწოდებს: მოერიდონ დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლას, მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას, გაჩერდნენ ჩრდილში, არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში, შეინარჩუნონ სხეული გრილად და ტენიანად, მიიღონ გრილი შხაპი ან გამოიყენონ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა. ქუჩაში გასვლისას ატარონ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი და მზისგან დამცავი სათვალე. იხმარონ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელების გარდა, საკვები მიიღონ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდონ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

ცენტრის რეკომენდაცია ეხება მაღალი სიცხის შემთხვევაში სხვების დახმარებასაც. დახმარების გეგმის გაცნობა უნდა მოხდეს ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან; ოჯახში უნდა განიხილონ, როგორ იმოქმედონ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, როგორ დაეხმარონ ადამიანებს.

უნდა მოხდეს პირველადი დახმარების ჩვევების შესწავლა და ა.შ.

ცენტრის რეკომენდაციით, მედიკამენტები უნდა ინახებოდეს 25 გრადუსის ქვემოთ ან მაცივარში, ქრონიკული დაავადების ან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტის მიღების შემთხვევაში მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ ექიმთან აუცილებელია კონსულტაციის გავლა.

ცენტრის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ თუ ადამიანი იგრძნობს თავბრუსხვევას, სისუსტეს, ფორიაქს, ძლიერ წყურვილს ან თავის ტკივილს, სასწრაფოდ მოთავსდეს გრილ ადგილას და გაიზომოს სხეულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. კუნთების მტკივნეული სპაზმის შემთხვევაში (განსაკუთრებით ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, ასევე, ექიმს უნდა მიმართოთ უჩვეულო სიმპტომების დროსაც.

"თუ ოჯახის რომელიმე წევრი ან ნებისმიერი ადამიანი ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება ან დაკავშირება ოჯახის ექიმთან. მანამდე უნდა გადაიყვანოთ გრილ ადგილას, დააწვინოთ ჰორიზონტალურად, აუწიოთ ფეხები, გაუხსნათ ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადოთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილოთ 25-30 გრადუსის ტემპერატურის წყლით და გაუზომოთ სხეულის ტემპერატურა. დაუშვებელია ამ დროს აცეტილსალიცინის მჟავის ან პარაცეტამოლის მიცემა," - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები