საზოგადოება

საქართველო რთველისთვის ემზადება

19.08.17 17:05


2017 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც, სავარაუდოდ, 24 აგვისტოს გაიხსნება და მას ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი სამანიშვილი უხელმძღვანელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელს რთვლისთვის მომზადების ფარგლებში, მთავრობამ რიგი ღონისძიებები გაატარა: დაფინანსებულია და დამატებით ფუნქციონირებს 24 ახალი და გაფართოვდა 48 საწარმო, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულია 5 123 ჰა ფართობზე გაშენებული ვენახი, მოხდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა აღარ გასცემს სუბსიდიას კახეთის რეგიონში ყურძენზე, რადგან მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, კომპანიების მხრიდან ყურძნის შესყიდვაზე მოთხოვნა გაზრდილია და დღეს კახეთის რეგიონში ხარისხიანი ყურძნის სუბსიდირების საჭიროება არ არსებობს.

ამასთან, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით "რქაწითელსა" და "კახური მწვანის" ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

ამის პარალელურად, მთავრობამ გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა სუბსიდია რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. სახვანჭკარე ჯიშების — "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" 1 კგ-ზე 2 ლარი გაიცემა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლიდან შეიზღუდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან ყურძნის აღნიშნული ჯიშების გატანა და სუბსიდირებამ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი ღვინის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარებას.

შეგახსენებთ: „რთველი–2016“-ის ფარგლებში „რქაწითელის“ ან „კახურის მწვანის“ ჯიშის ხარისხიანი ყურძნის 1 კილოგრამის სუბსიდია 0,45 ლარს შეადგენდა, „საფერავისა“ — 0,20 ლარს, ხოლო "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" ჯიშის ყურძნის 1 კგ-ზე 2 ლარი გაიცემოდა.

ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები. წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაგრძელდება სესხების გაცემა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები