საზოგადოება

მაშველებმა საზღვაო სეზონზე 605 ადამიანი გადაარჩინეს

08.09.17 19:30


საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები გადაარჩინეს, აღნიშნულია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, გადარჩენილთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის ბიჭი იყო, ყველაზე ასაკოვანი – 73 წლის მამაკაცი. გარდა ამისა, მაშველებმა მშობლებს უვლებლად დაუბრუნეს 148 დაკარგული ბავშვი.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ასევე გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება.

მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც დამსვენებლებს ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ აფრთხილებენ.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა პლაჟზე 24-საათიან რეჟიმში მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები