საზოგადოება

დიდი ილიას საიუბილეოდ საქართველოში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

11.09.17 17:35


დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის ორი იუბილე — დაბადებიდან 180 და მკვლელობიდან 110 წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება, აღნიშნულია ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის Facebook-გვერდზე.

ღონისძიებები სიმბოლური სახელწოდებით "დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია" 12 სექტემბერს გაიმართება თბილისსა და საგურამოში იმ გზაზე, სადაც მოკლეს ჭავჭავაძე.

ღონისძიება სიონის ტაძრიდან 13:00 საათზე დაიწყება. სწორედ აქედან დაიწყო მისი დაკრძალვის ცერემონია 1907 წლის 9 სექტემბერს. საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ ქართველი ლიტერატორები. სიონის საკათედრო ტაძრის გუნდი შეასრულებს ილიას ლექსებზე შექმნილ კომპოზიციებს.

შემდეგ სიონის ტაძრიდან მოეწყობა მსვლელობა მთაწმინდის პანთეონისკენ, რომლის დროსაც რეპროდუქტორში ნებისმიერ გამვლელი მოისმენს ილიას ნაწარმოებების, სხვადასხვა მოღვაწეების ილიაზე წარმოთქმულ სიტყვათა ჩანაწერებს.


მთაწმინდის პანთეონში 14:00 საათზე ილიას სახელზე აღევლინება პარაკლისი. იქვე საქველმოქმედო ფონდი გამართავს საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონიას. წელს პრემია ერგო საფლავის ქანდაკების ავტორს, მხატვარსა და მოქანდაკე გია ჯაფარიძეს.

მთაწმინდის პანთეონში 15:00 საათზე დაგეგმილია კოსტიუმირებული თეატრალური წარმოდგენა ჭავჭავაძის პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მოტივებზე, რომელსაც ხელოვნების მოღვაწეები და ფოლკლორისტი მუსიკოსები წარმოადგენენ.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკაში 16:30 საათზე გაიმართება ექსპოზიცია "ილია ხელოვნებაში". აქ წარმოდგენილი იქნება ილიას შემოქმედების მოტივებზე ბოლო 15 წლის განმავლობაში შექმნილი ხელოვნების ნიმუშები (ქანდაკება, ფერწერა, ხატწერა).

ღონისძიებები დასრულდება სპექტაკლით "საუკუნის მკვლელობა" მწერლის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ. სპექტაკლს წარმოადგენენ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ღია სცენაზე. დასაწყისი 18:30 საათზე.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

ილია ჭავჭავაძე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1987 წელს წმინდანად შერაცხა და "ილია მართალი" უწოდა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები