საზოგადოება

ლეიშმანიოზით დაინფიცირების შემთხვევებს შემოდგომის ბოლოს გამოავლენენ

14.09.17 22:00


ქართველი სპეციალისტები ლეიშმანიოზით დაინფიცირების შემთხვევების გამოვლენას შემოდგომის ბოლოს ელოდებიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ინფექციურ დაავადებათა სამსახურის უფროს ხათუნა ზახაშვილზე დაყრდნობით.

ლეიშმანიოზის გამომწვევი პარაზიტები ინფიცირებული მოსკიტების კბენისას გადადის.

მოსკიტების კბენის სეზონი ივნისის მეორე ნახევარში იწყება და დაავადება, ასეთი არსებობის შემთხვევაში, შემოდგომის ბოლოს ვლინდება. ლეიშმანიოზით, ძირითადად, ბავშვები ავადდებიან, აღნიშნა ზახაშვილმა.

"ბავშვთა ასაკში ეს არის გაურკვეველი ტიპის, უმთავრესად ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომლის დროსაც ხშირად დიაგნოზის დასმა ძნელია. დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საფუძველზე ხდება. ამდენად, ექიმისადმი დროული მიმართვა და გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია", — განაცხადა ზახაშვილმა და დასძინა, რომ არასწორი მკურნალობის შედეგად ცხელება მეორდება და ბავშვის მდგომარეობა უარესდება.

ზრდასრულებში ლეიშმანიოზის შემთხვევები ისე ხშირი არ არის, როგორც ბავშვებში, აღნიშნა ზახაშვილმა. მან მშობლებს მოუწოდა, პირველივე ნიშნების გამოვლენისას და მაღალი ტემპერატურის დროს დროულად მიმართონ ექიმს.

"სპეციალისტი განსაზღვრავს, არის თუ არა დაავადება რესპირატორული, ენტეროვირუსული თუ პარაზიტული", — აღნიშნა ზახაშვილმა.

თბილი ამინდის გამო, ლეიშმანიოზის გადამტანების აქტიურობა თვის ბოლომდე შეიძლება გაიწელოს, ასე რომ, ინფიცირების რისკი ჯერ კიდევ არსებობს, განაცხადა ზახაშვილმა.

ინფიცირებული პატარა მწერები, ძირითადად, დაავადებული ცხოველების გარშემო ფრენენ.

ქალაქის შემთხვევაში ეს ძაღლებია.

ლეიშმანიოზის შემთხვევები ხშირად ფიქსირდება თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა ცალკეული შემთხვევები აღმოჩნდა იმერეთშიც. 2017 წლის დასაწყისიდან სულ დარეგისტრირდა 23 შემთხვევა.

"რამდენიმე წლის წინ ლეიშმანიოზის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა — ასიდან 180-მდე. 2015 წელს — 63, 2016 წელს — 53. შემთხვევების შემცირება, სავარაუდოდ, ცხოველების მოვლის პროცესის გაუმჯობესებას უკავშირდება", — განაცხადა ზახაშვილმა.

ცნობილია ლეიშმანიოზის 2 ძირითადი ფორმა: კანისა და ვისცერული. იწვევს უმარტივესთა ტიპის ერთუჯრედიანი ორგანიზმი — ლეიშმანია. გადამტანია ფლებოტმუსი. განარჩევენ კანის ლეიშმანიოზის 2 ფორმას: ქალაქის ლეიშმანიოზი და სოფლის ლეიშმანიოზი. კანის ლეიშმანიოზის დროს ნაკბენ ადგილზე წარმოიქმნება ლეიშმანიომა, რომელიც წყლულდება ხოლო ინფექციის მოხვედრისას ვითარდება ძირმაგარის ტიპის აბსცესი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები