საზოგადოება

საქართველო მეღვინეობის სამშობლოდ შესაძლოა ოფიციალურად აღიარონ - ახალი კვლევის შედეგები

14.11.17 18:15


ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულმა ტომებმა მეღვინეობა 8000 წლის წინ დაიწყეს. ვარაუდი ეფუძნება თბილისიდან 50 კილომეტრით სამხრეთით მდებარე ორ სოფელში, არქეოლოგიურ ძეგლ შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაზე ჩატარებულ გათხრებს, სადაც აღმოჩენილია ღვინით გაჟღენთილი ქვევრი და თიხის ჭურჭელი, რომელიც 80 საუკუნის ასაკისაა. ეს კი 1000 წლით აღემატება ღვინის წარმოების დაწყების პერიოდად ამჟამად მიჩნეულ თარიღს.

უახლესი ბიომოლეკულური არქეოლოგიური და არქებოტანიკური მტკიცებულების მიხედვით დგინდება, რომ ადრეული ნეოლითის ხანის ღვინო საქართველოში ძველი წელთაღრიცხვის 6 000-5 800 წლებში მზადდებოდა, შემდეგ კი მსოფლიოში გავრცელდა. საქართველოში აღმოჩენილი არტეფაქტები 500-1000 წლით უფრო ადრინდელია, ვიდრე ამჟამინდელი რეკორდის მფლობელის — ჰაჯი-ფირუზ-ტეპეს (ირანი) არქეოლოგიურ ძეგლზე აღმოჩენილი ტრადიციული ღვინის წარმოების არტეფაქტები.

ღვინის კულტურის სამშობლოს სტატუსი ამ დრომდე ჩინეთს — მდინარე ხუანხეს ხეობას ეკუთვნის, სადაც ძვ. წ. 7000 წლით დათარიღებული ყურძნის ღვინის ქიმიური მტკიცებულებებია აღმოჩენილი. თუმცა, ეს არ იყო კლასიკური ღვინო, 2004 წლის აღმოჩენის მიხედვით, იქ 7 000 წლის წინ ყურძნის, თაფლის, ბრინჯის და ასკილის კოქტეილებს აკეთებდნენ.

ამრიგად კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო შესაძლოა ოფიციალურად აღიარონ მეღვინეობის სამშობლოდ. PNAS-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ქართველი, კანადელი, ამერიკელი, ფრანგი, ისრაელელი და იტალიელი მეცნიერები და პროფესორები არიან.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები