პოლიტიკა

ოპოზიცია ლარის გაუფასირებას ხელისუფლების "უპასუხიმგებლო და არაკომპეტეტნურ" პოლიტიკას უკავშირებს

15.11.17 14:15


ეროვნული ვალუტა ყოველდღიურად უფასურდება - ოპოზიცია კი ხელისუფლების პასუხიმგებლობაზე საუბრობს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლების არაკომპეტენტურობის ფასს საქართველოს მოსახლეობა იხდის.

„დღეს გვაქვს შედეგი იმ უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებდა „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს არის მათ პასუხისმგებლობა და სამწუხაროდ ამის ფასი თითოეულმა ჩვენმა საქართველოს მოქალაქემ უნდა გადაიხადოს,“-აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

ზურაბ მელიქიშვილის პროგნოზით კი ლარს პოზიტიური პერსპექტივა არ გააჩნია და მისი გაუფასურება მომავალშიც გაგრძელდება.

„ყოველდღიურად მძიმდება ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, ყოველდღიურად იზრდება ფასები პროდუქტებზე, რაც რა თქმა უნდა ამძიმებს სოციალურ ფონს მთელს ქვეყანაში. მომდევნო პერიოდის განმავლობაში ამ მთავრობის ხელში პოზიტიური პერსპექტივა ლარს სამწუხაროდ არ აქვს,“-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, "ქართული ოცნება" ეროვნული ბანკისგან მეტ განმარტებას ითხოვს.

„როდესაც ასეთი ეკონომიკა გვაქვს როგორიც ჩვენ გვაქვს, ის ყოველთვის არის მოწყვლადი და შესაძლებელია გარკვეული ტიპის მცურავი კურსი არსებობდეს. ეროვნული ბანკის სამიზნე არის ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი. ამ ორივეს ერთად რეგულირება ძალიან ძნელია.

რამდენად წარმატებულია ის? ხარვეზები არის, მაგრამ საგანგაშო ჩემი აზრით არ არის ინფლაციასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ სახეზე გვაქვს ფასების მატება,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

ეროვნულ ბანკში განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა. ოფიციალური მონაცემებით დოლარი 2.68 ლარი ღირს, სავალუტო ჯიხურებში კი ერთი დოლარის ღირებულება 2.70-ს აჭარბებს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები