პოლიტიკა

რა მდგომარეობაა LGBT პირთა უფლებების მხრივ საქართველოში - Human Rights Watch-ის ანგარიში

19.01.18 17:00


საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს შესახებ 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია LGBT პირთა უფლებებზე და აღნიშნულია, რომ ამ უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეშფოთებას იწვევდა:

„ახალი კონსტიტუციით, ქორწინება განისაზღვრა როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. ამ განსაზღვრებამ გაამყარა სამოქალაქო კოდექსში წლების განმავლობაში არსებული განსაზღვრება. უფლებადამცველი ორგანიზაციები შიშობდნენ, რომ კონსტიტუციის მეშვეობით ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების ბარიერის გამყარება კიდევ უფრო გააძლიერებდა ფართოდ გავრცელებულ ჰომოფობიას. ვენეციის კომისიის განცხადებით, კონსტიტუციის ეს მუხლი „არ უნდა განიმარტოს ისე, რომ გამორიცხოს ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის კავშირი“. კომისიამ მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს ერთსა და იმავე სქესის პარტნიორებს შორის ურთიერთობის სამართლებრივად აღიარება.

მაისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გეი უფლებების დამცველ აქტივისტთა და მხარდამჭერთა მცირერიცხოვანი ჯგუფი თბილისში მთავრობის მთავარი შენობის წინ შეიკრიბა გაძლიერებული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობებში. კონტრდემონსტრანტებისგან ამ ჯგუფის დასაცავად პოლიციამ ბარიერები აღმართა, აქტივისტები წინასწარ ორ ადგილას შეკრიბა და აქციაზე მათი მიყვანა და იქიდან წამოყვანა მუნიციპალური ავტობუსებით დაცვის თანხლებით უზრუნველყო.

აგვისტოში, ბათუმში, სამ ტრანსგენდერ ქალსა და ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობის“ ორ აქტივისტს დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ და აქტივისტებს ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს დაზიანებები მიაყენეს. ინციდენტის დროს თავდამსხმელები ჰომოფობიურ გამონათქვამებს იყენებდნენ. იქვე მდგომმა პოლიციელებმა არაფერი გააკეთეს თავდამსხმელთა შესაჩერებლად. ამის ნაცვლად, პოლიციელებმა ბერიანიძე და კუსიანი მიწაზე დააგდეს, წიხლები დაუშინეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სავარაუდოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მეორე დღეს სასამართლომ ბერიანიძე და კუსიანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააჯარიმა. უფლებადამცველთა ჯგუფებმა და სახალხო დამცველმა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის ფაქტების გამოძიების დროულად ჩატარება მოითხოვეს. შესაბამისმა ორგანოებმა შიდა მოკვლევა დაიწყეს, რომელიც ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის ისევ მიმდინარეობდა.

ივლისში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო გეი და ბისექსუალი მამაკაცებისთვის სისხლის დონაციის უფლების აკრძალვა,“ - აღნიშნულია ანგარიშში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები