ეკონომიკა

გენადი არველაძე: ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქტის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება

29.03.19 11:15


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სტრასბურგში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის წინაშე მოხსენება გააკეთა.

გენადი არველაძემ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციის მხრივ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2018 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია საქართველო- ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში.

„ვისაუბრეთ 2018 წელს განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელთაც ჩვენ ვხედავთ მომდევნო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეობის მიმართულებით - საუბარია როგორც სოფლის მეურნეობის კუთხით დასანერგ რეგულაციებზე და ლაბორატორიულ კვლევებზე, ასევე ხარისხის ინფრასტრუქტურაზე, როდესაც ჩვენ უკვე წელს დავნერგეთ ბაზარზე ზედამხედველობა ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტებზე“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო ცვლილებებს საბაჟო მიმართულებით და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომლებიც წელს განხორციელდა. „კომიტეტის წევრებს ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც განვახორციელეთ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით და წლის ბოლომდე დაგეგმილ რეფორმებზე“, - აღნიშნა არველაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ევროკავშირის ბაზრის ათვისების კუთხით 2018 წელი იყო ყველაზე გამორჩეული - დაფიქსირდა 730 მლნ დოლარის ოდენობის ექსპორტი, რაც არის უპრეცედენტო რაოდენობა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ქართული პროდუქტი იკავებს ადგილს ევროკავშირის ბაზარზე და იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია გაგრძელდება“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. მისი მთავარი მიზანია, ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.

კომიტეტი სხდომაზე განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს, ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებას და მის ზეგავლენას ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში მონაწილეობის მისაღებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ნათია თურნავა და გენადი არველაძე იმყოფებიან.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები