პოლიტიკა

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს

18.09.19 17:00


დეპუტატი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს.

„ორი საკითხი, რის აუცილებლობასაც ვხედავ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით: 1. გადაიხედოს სტატისტიკური მონაცემების სიზუსტე. ქვეყანაში 3.7 მლნ მოქალაქიდან დაახლოებით 3.6 მლნ ამომრჩეველია და ეს ციფრები არათავსებადია და აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან მრავალათასიანი დაფინანსების მქონე ცესკომ კეთილი ინებოს და დაიწყოს სასწრაფოდ ამ საკითხზე მუშაობა.

2. ქვეყანა ფორსირებულად გადადის პროპორციული არჩევნების სისტემაზე, რომელიც საზოგადოების მოთხოვნა იყო. ამიტომ გთავაზობთ, თუნდაც ერთჯერადად 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო - ეს საშუალებას მოგვცემს ყველამ გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა, არ დავუშვათ მსხვილი პარტიების მანიპულაციები და ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები მოვიდნენ ქვეყანაში.

არჩევნების მიმართ მოსახლეობის დიდ ნაწილში არსებობს ნიჰილისტური განწყობა, რადგან მათ არც „ნაციონალური მოძრაობა“ უნდათ და არც „ოცნება“ თავის არჩევანში და ადამიანები ხშირად შინაგანად ლეგიტიმაციის საკითხს აყენებენ საკუთარ თავთან- არის კი ეს ჩემი არჩეული ხელისულება? ამიტომ ვთვლი, რომ თუკი ქვეყანას უახლოეს 1 წელიწადში შეიძლება ქონდეს რაიმე საერთო იდეა, ერთ-ერთი სწორედ 2020 წლის სახალხოდ, ყველას მიერ ჩატარებული არჩევნები“,- მიაჩნია კობერიძეს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები