ეკონომიკა

ქუთაისში 2 მლნ ლარის ინვესტიციით განხორციელებული თანამედროვე სატრანსპორტო-პროფილაქტიკური ცენტრი გაიხსნა

28.08.20 13:40


„მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამედროვე სატრანსპორტო-პროფილაქტიკური ცენტრი სწორედ პანდემიის პერიოდში აშენდა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან კომპანია „ჯიბი მექანიქსის“ თანამედროვე სატრანსპორტო - პროფილაქტიკური ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, პროექტში 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრში 30 ადამიანი დასაქმდა. საღირაშვილის განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ ასეთი ცენტრი შეიქმნა იქ, სადაც განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივაა.

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ცენტრი ოფიციალურად გახსნეს ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ და „ჯიბი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ხუციშვილმა.

 

პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი, სადაც შესაძლებელია ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, რეგიონის ინფრასტურუქტურის და აგრო სფეროს განვითარებისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება.

 

„ქუთაისის აეროპორტის სიახლოვეს ცენტრის გახსნა შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი ჰოლდინგი ასევე აერთიანებს მგზავრთა გადაყვანის კომპანიას „ჯორჯიან ბასი“, რომელიც 7 წელია, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამშრომლობს. როდესაც მთელი მსოფლიო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ქუთაისის აეროპორტიც განაგრძობს თავის ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ჩვენც მგზავრებს მოვემსახურებით, „ჯორჯიან ბასის“ ყველა ავტობუსი ამ სერვის ცენტრში გაივლის შემოწმებას. უსაფრთხოება, როგორც იყო აქამდე, მომავალშიც დარჩება ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

„ჯიბი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ცენტრი შეძლებს, მოემსახუროს ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას - მიკროავტობუსებს, ავტობუსებს, სპეცტექნიკას და სატვირთო ავტომობილებს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები