პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი - ორი აღმაშფოთებელი ჰყავს დღეს ამ წინასაარჩევნო სიტუაციას - ხელისუფლება და „ნაცმოძრაობა“

16.09.16 17:00


არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების საკითხში ყველა ბერკეტი ხელთ უპყრია ხელისუფლებას, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს.

”არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების საკითხში ყველა ბერკეტი ხელთ უპყრია საქართველოს ხელისუფლებას. ის რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოამჟღავნოს პოლიტიკური ნება, ამას არც ირაკლი კობახიძის ინიციატივები სჭირდება, არც რეზოლუციები, არც დადგენილებები და არც სხვა სახის დოკუმენტები.

ეს არის ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული და თუ მისდევენ ადამიანები ამ კანონებით დადგენილ ცხოვრების წესს, მათ შორის, წინასაარჩევნო ცხოვრების წესებს იქნება ძალიან კარგი. ნორმალურ საზოგადოებაში, იქ, სადაც ადამიანები კანონის ენით ესაუბრებიან ერთმანეთს ამგვარი ინიციატივები არავის სჭირდება, რადგან იქ გადაქცეულია წესად, რომ არჩევნების წინ არ შეიძლება თავ-პირი ამტვრიო ერთმანეთს, აგინო, შეურაცხყოფა მიაყენო, მიუვარდე საარჩევნო მიტინგებზე, კონტრაქციები ჩაატარო”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, რამდენიმე თვის წინ ”თავისუფალი დემოკრატების” მიერ პარლამენტში ინიცირებული იყო ინიციატივა, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

”ჩვენ დაახლოებით 2 თვის წინ პარლამენტში შევიტანეთ ამგვარი ინიციატივა, ბევრად უფრო სერიოზულად ჩამოყალიბებული, შეთანხმებული ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც იყო წარმოდგენილი ამ მოწვევის პარლამენტში და მხარდაჭერილი მათ მიერ. ამ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ”თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივით იყო შესული პარლამენტში, მხარი დაუჭირა მმართველმა ძალამ, ანუ უმრავლესობამ სრული შემადგენლობით. მხარი არ დაუჭირეს ”ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რაც არც იყო გასაკვირი ჩვენთვის”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ”თავისუფალი დემოკრატები იმ შემთხვევაში შეუერთდებიან მემორანდუმს, თუ შეთანხმებას ხელისუფლება და ”ნაციონალური მოძრაობა” თავად დაიცავენ.

”თუ გადაუდებელი აუცილებლობა არის, ჩვენ მზად ვართ შევუერთდეთ ამგვარ ინიციატივებს, ერთი დათქმით, რომ ეს ყველაფერი შესრულებული იქნება, ხელისუფლებაც და ”ნაციონალური მოძრაობაც”, ორი აღმაშფოთებელი ჰყავს დღეს ამ წინასაარჩევნო სიტუაციას, თვითონ დაიცავენ ამგვარი შეთანხმებების სულისკვეთებას.

ჯერ კიდევ საკითხავია საერთოდ შეუერთდება თუ არა ”ნაციონალური მოძრაობა” ამ შეთანხმებას”, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

„ქართული ოცნება“ საარჩევნო სუბიექტებს არჩევნების კორექტულ და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 622


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები