პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანს უცხოელი კოლეგები მისალოც მიმართვებს უგზავნიან

13.01.21 15:20


გერმანიის, კორეის, ირანის, იორდანიისა და ჩეხეთის პირველი დიპლომატები დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.

 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე მრავალი წელია დაფუძნდა მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივი, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიული რეფორმების გატარებისა და ტერიტორიული მთლიანობის გზაზე“, - ნათქვამია ჰეიკო მაასის წერილში, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ხაზს უსვამს პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას გამოწვევების დასაძლევად.

 

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით კი, ჩეხეთი კვლავ მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და ქვეყნის მიერ არჩეულ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართულ გზას.

 

მისივე განცხადებით, მსოფლიო პანდემიამ იმოქმედა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის კომუნიკაციის ინტენსივობაზე, თუმცა საერთო ძალისხმევით შესაძლებელია ამ გამოწვევის დაძლევა.

 

„კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მისალოც წერილში, იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაძლიერდება საერთო ინტერესების გათვალისწინებით, განსაკუთრებით, კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული გაუთვალისწინებელი მდგომარეობის დროს. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოჰამად ჯავად ზარიფი იმედს გამოთქვამს, რომ ორი ქვეყნის ლიდერთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ძალისხმევის ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება ომხრივი ურთიერთობები, ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოთქვამს მოლოდინს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები