პოლიტიკა

„ხელისუფლებას ყველაფერი უნდა ეღონა იმისთვის, რომ პოზნერი საქართველოში არ შემოეშვათ“ - კვირიკაშვილი

02.04.21 11:45


საქართველოს ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ პერსონის ქვეყანაში შემოსვლის თაობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა. 


როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პოზნერის ვიზიტზე მას მძიმე რეაქცია ჰქონდა.

 

კვირიკაშვილის თქმით, მისთვის აღმაშფოთებელია იმ ადამიანების მოწოდება პატრიოტიზმისკენ, რომლებიც რუსი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში იმყოფებოდნენ და ახლა სხვებს პატრიოტიზმისკენ მოუწოდებენ.

 

„ვფიქრობ, რომ მოსახლეობის პროტესტი პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სამართლიანია. ძალიან არასწორია, როცა ასეთი რაღაცების თავიდან აცილება ხდება და ზუსტად ისეთივე პროტესტი გამაჩნია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და უფრო მეტიც ამ საკითხზე კრემლის რუპორია.

 

არის მეორე საკითხი, თუ როგორ გამოხატავ პროტესტს, ჩემი აზრით არის ზღვარი, რომლის იქითაც ადამიანი არ უნდა გადავიდეს. საქართველოს ნაძირალა მტერი ბევრი ჰყავს, მაგრამ სოლიდურობა და წონასწორობა არ უნდა დაკარგო ამ პროტესტის გამოხატვის დროს.

 

ტურიზმს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ამ სიტუაციაში ერთადერთი ბერკეტი არის ხელისუფლების ხელში დატოვებული და ჩემი აზრით ასეთი აჟიოტაჟი და პირდაპირ გეუბნებით გამოხატვის ფორმები რაც მე ვნახე არ არის სწორი. პოლიტიკოსი იმისთვის არის პოლიტიკოსი, მოქმედ პოლიტიკოსებზე მაქვს საუბარი, რომ ემოციების გაღვივებისკენ და ცეცხლზე ნავთის დასხმისკენ არ უნდა იყო მომართული“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში.

 

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მოქალაქეებს პოზნერის ვიზიტზე სამართლიანი გულისწყრომა ჰქონდათ, თუმცა კვირიკაშვილის თქმით, ის მათ ადგილზე პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმას აირჩევდა.

 

„პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმას ავირჩევდი, მაგალითად მისვლა და იმის ჩვენება, რომ „თქვენი ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში არ არის მისასალმებელი საქართველოს მოსახლეობისთვის.

 

აღმაშფოთებელია ჩემთვის, რომ ის ადამიანები ვინც ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში ზურგზე ფეხებს ირტყამდნენ, დღეს გამოდიან და პატრიოტიზმისკენ მოგვიწოდებენ. ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა, როცა პოზნერი საქართველოში დავინახე. რა თქმა უნდა სჯობდა არ ჩამოსულიყო და ხელისუფლებას უნდა ეღონა ამისთვის ყველაფერი“, - დასძინა ყოფილმა პრემიერმა.

 

რუსი ჟურნალისტი, ვლადიმირ პოზნერი თბილისში დაბადების დღის აღსანიშნად, თანმხლებ პირებთან ერთად, გუშინ ჩამოვიდა.

 

მათ ვიზიტს საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და ბათუმში - აქტივისტები აცხადებდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის რუსეთიზაციას ცდილობს.

ისინი ოკუპაციის შესახებ კანონისა და დაწესებული კოვიდრეგულაციების დარღვევაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

 

რუსმა ჟურნალისტმა, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დღეს დილით დატოვეს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები