პოლიტიკა

უკვე ფეხი დაგვიცურდა და ქვეყანა უფსკრულში იჩეხება - ალეკო ელისაშვილი

02.04.21 14:40


მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანა უფსკრულში იჩეხება და თუ ამას ვინმე ვერ ხვდება, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია. მან მოუწოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ საჯაროდ განაცხადონ, აწერენ თუ არა დოკუმენტს ხელს.

ელისაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების განცხადება ქართველი პოლიტიკოსებისთვის ძალიან დიდი სირცხვილია:


„ძალიან სამარცხვინოა ქართველი პოლიტიკოსებისთვის, პარტიების თავმჯდომარეებისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ ასეთ რაღაცას ვისმენთ. ევროპარლამენტის შვიდმა წევრმა განცხადებას ხელი მოაწერა და სირცხვილთან ერთად, ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობა და დანაშაულია ის, რომ ჩვენი გაჯიქების გამო, დასავლური თანამეგობრობის თვალში საქართველოს მხოლოდ იმიჯი კი არ ზიანდება, არამედ უკვე ფინანსურ სანქციებზეა საუბარი.

წარმოიდგინეთ, როგორი დარტყმა იქნება 60 მილიონი ევროს შეჩერება ასეთ ღარიბ და პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, რომელიც ინსტიტუციურ რეფორმას უნდა მოხმარებოდა და ოქტომბერში უნდა ჩარიცხულიყო.

ამდენად, მე, როგორც ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე, მივმართავ ყველას, ვინც კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა, თოთოეული პარტია ინდივიდუალურად გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც დანიელსონმა მაგიდაზე დადო. დახურულ კარს მიღმა პოლიტიკოსები ერთს ლაპარაკობენ, მერე გამოდიან, აბსოლუტურად სხვას იძახიან და შემდეგ სხვას აბრალებენ. გამოვიდნენ, როგორც მმართველი პარტიის, ასევე სხვა დანარჩენი პარტიის თავმჯდომარეები და თქვან, დოკუმენტს აწერენ თუ არა ხელს. ჩვენ პარლამენტში ვართ, მაგრამ რადგან მოლაპარეკების მაგიდასთან მსხდომი ერთ- ერთი პარტია ვართ, ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ,"- განაცხადა ელისაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები