ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XVIII თავი II

26.09.16 18:20


ჯვართამაღლების ეკლესია XX საუკუნის 30-იან წლებში მოინახულა გიორგი ბოჭორიძემ და ვრცელი აღწერილობაც დაგვიტოვა. მისი მონაცემებით: „ახალციხის ქართული კათოლიკური ჯვრის ეკლესია განახლებულ-გადაკეთებული შენობაა. მისი აღმოსავლეთი ნაწილი ძველია, დასავლეთი ახალი. მთელი ეკლესიის ზომა 22,5 X 11,5მ. ახალი ეკლესია ნაშენია სულ თლილი ქვისაგან. ძველი ეკლესია გუმბათიანი შენობაა. ნაწილი თლილი, ნაწილი ნატეხი ქვისაგან არის აშენებული. შიგნით იგი საკურთხევლად არის ქცეული და მას დასავლეთით მიშენებული აქვს ახალი შენობა, ზომით (გარედან ძველი ეკლესია დღეს ჩანს) 7 X 9,25 მ. მის დასავლეთ ნაწილს ფარავს ახალი შენობა, ძველად უნდა ყოფილიყო 10,25 X 9,25მ. ნაშენია ნაწილი თლილი, ნაწილი ნატეხი ქვისაგან. იგი დარღვეულია ყოველ მხარეს. გუმბათის ძირის ნახევარი ძველია, ნაგებია თლილი ქვისა და კირისაგან, ზევითა კი ახალი-ხისაა(??) მრავალი სარკმლით, ძველი ნაწილი გარედან გალესილი ყოფილა კირით, რომლის წარწერიანი და ჩუქურთმებიანი ქვებიც დაფარული ყოფილა, ახლა კირი ნაწილობრივ მოცლილია, მოჩანს წარწერა და ჩუქურთმები. ჩრდილო-სამხრეთ მხარეს, მაღლა საქარეზე და მის ოდნავ ქვევით, არის ორი ქანდაკება ცხვრის თავის გამოსახულებით.

აღმოსავლეთით კი, ზევით ერთი შენახულა, მეორე მოტეხილია. ამ მეორე ქვის მარჯვნივ არის ქვა ჯვრების გამოსახულებით, მის ძირს ზედმიდებით ოდნავ მარჯვნივ სამხრეთით არის ქვა 5-სტრიქონიანი სომხური წარწერით. ქვედა სარკმელი ყოფილა, ახლა ამოგებულია. სარკმლის დასწვრივ ძირს გარდიგარდმო დადებული საფლავის ქვაა კაცის თავის გამოსახულებით ჩაღრმავებული. ამ ქვის მარჯვნივ, პატარა მანძილზე, ზევით ნაწილობრივ მოჩანს ქვა-ჯვრის(??) გამოსახულებით და სამხრეთით ერთი სტრიქონი წარწერა, ამავე კედელზე სამხრეთისაკენ მაღლა უდევს ქვა 5-სტრიქონიანი სომხური წარწერით; მის ძირს სამხრეთ კედელთან სხვა წარწერიანი ქვაა, დაფარული კირით, მოჩანს მარტო ერთი სტრიქონი.

გუმბათის გარდა, რომელიც ახლა სულ გადაკეთებულია, ძველ ეკლესიას სარკმლები ჰქონია აღმოსავლეთით 1, სამხრეთით 1, ჩრდილოეთით 1, აღმოსავლეთის სარკმელი ახლა აშენებულია. ძველი ეკლესიის სამხრეთით მოჩანს ძველი საძირკველი, ეკლესიის სამხრეთის კარიბჭე. სამრეკლოს იატაკად დაფენილი მაღალი საფლავის ქვაა წარწერით. ასეთივე ქვები მოწყობილია ამავე მხარეს საძირკველთან ერთ პირად. წარწერებიდან ზოგი დაზიანებულია“. აქვე მოტანილი აქვს 54 საფლავის ქვის ქართულენოვანი წარწერა და იმ სიძველეთა სია (ვერცხლის ბარძიმი, ხატები, სასანთლე, საცეცხლური, ვერცხლის ჯვარი და სხვა), რომლებზედაც მხოლოდ ქართულ ენაზე შესრულებული წარწერებია“.

1790 წლით დათარიღებულ საფლავის ქვაზე წარწერაა „წამკითხველო რომელ არს ამაში მდებარე ყაუხჩიანთ აკოფას ძე ანტონა“, 1761წ.... შინა მდებარე ერის შვილი ჯანნეთ.“

ჩნდება კითხვა: თუ ამ ეკლესიის მრევლი ეროვნებით სომხური მოსახლეობა იყო, მაშინ საფლავის ქვების ყველა წარწერა ქართულ ენაზე, რატომ არის შესრულებული.

გარდა ამისა თუ ამ ეკლესიაში კათოლიკე პატრები ქართულ ან ლათინურ ენაზე ატარებდა წირვას, მაშინ საფლავის ქვებზე, რატომ ჩნდება აქა-იქ სომხური სახელები და არა მაგალითად ევროპული?

ეს ფაქტები იმის მანიშნებელია, რომ ეკლესიის მრევლი ქართული მოსახლეობა იყო, ხოლო კათოლიკე მღვდლების მიერ წირვა-ლოცვა სომხური (და არა ქართული) რითიც სრულდებოდა, ეს საფლავის ქვები XVIIIს-ის I ნახევრიდან მოყოლებული XXს-ის დასაწყისის მთელი სამი საუკუნის პერიოდს მოიცავს.

როგორც ჩანს, მოგვიანებით, უკვე სომხურ ტიპიკონზე გადასული ქართველი კათოლიკეების მიერ, XIX საუკუნის II ნახევრიდან, ხდება ეკლესიის რესტავრაცია-გადაკეთება. საინტერესო ის არის, რომ ეკლესიის კედლების აღდგენაში ძირითადად ქართულ წარწერიანი საფლავის ქვები აქვთ უხვად გამოყენებული (ჩვენ ასეთი 20-ზე მეტი ქვა დავაფიქსირეთ).

მართალია, 1767წელს ახალციხიდან რომში გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, ჯვართამაღლების ეკლესიაში კათოლიკე მღვდელი ატარებს წირვა-ლოცვას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაპუცინების მოსვლამდე (1733წელი) ყოვლად წმიდის კათოლიკური ეკლესია მუსლიმებმა გადაწვეს და მის აღდგენას, მრევლის დაკარგვის შიშით, აქ სხვა მოღვაწე პადრეებმა შეუშალეს ხელი, რის გამოც კაპუცინებმა მართლმადიდებლისაგან დაცლილ წმ. ჯვრის ეკლესიაში დროებით დაიდეს ბინა. ამ პერიოდიდან ჩნდება ეკლესიის ეზოში სომხურ ტიპიკონზე მდგარი ქართველ კათოლიკეთა ქართულ-წარწერიანი საფლავები. მართალია წარწერები-ეპითაპიები ქართულ ენაზეა შესრულებული, მაგრამ სახელების უმრავლესობა სომხურადაა გადაკეთებული (ასე მაგალითად: ტირაცუ აკოფაი, ბაღდასარა, კეჩხუაანთ მათეოსას ცოლი, ერეცი ტერ იოანე, გრიგორ თოქმაჩი, პოღოსას ძე ტირაც, პოღოსას ძე, გასპარა, პეტროზას მეუღლე სარაი, არუთინ მურვანოვის ძე სტეფანე და ა.შ.).

მოტანილი მასალები იმაზე მეტყველებს, რომ ჯვართამაღლების ეკლესია, როგორც მართლმადიდებლური სალოცავი, აგებული უნდა ყოფილიყო, თუ უფრო ადრე არა, შუა საუკუნეებში მაინც, ფეოდალური გვარის- შალიკაშვილების მიერ.

ჯვართამაღლების ეკლესია XIX საუკუნის I ნახევარში კათოლიკური რომ არ იყო, ეს ნათლად ჩანს მისიონერების წერილებიდანაც. 1815 წელს უფროსი პატრი ფილიპე რომში გაგზავნილ წერილში აღნიშნავს: „ახალციხეში გვაქვს ერთი პატარა მონასტერი, რომელიც ევროპის წესისამებრ მოწყობილია. აქაური მისიონისათვის ძალიან საჭიროა, რადგან პატრები, უწინარეს თბილისში მოსვლისა, აქ დგებიან. გვაქვს აგრეთვე პატარა ეკლესია ყოვლად წმიდა მარიამისა“. იგივე პატრი 1830წელს გაგზავნილ წერილში კვლავ აფიქსირებს: „ახალციხეში გვაქვს ერთი პატარა ღვთისმშობლის ეკლესია. ეხლა კი ეს ეკლესია, მეტად დაზიანებული, ერთ გვერდზე ჩამონგრეული და გაშიშვლებულია“. ამ წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ იმ პერიოდისათვის პატარებს მხოლოდ ერთი ე.წ. პატრების ეკლესია ჰქონიათ.

ბონდო არველაძის შენიშვნით, ახალციხის ჯვართამაღლების ეკლესია, „სავარდოსა და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიებთან ერთად, თავიდანვე იყო ქართული. ამ ეკლესიის ქტიტორების შესახებ ცნობა არ არის შემონახული, მაგრამ იგი ეკუთვნის ქართული არქიტექტურის კლასიკური პერიოდის ძეგლთა რიცხვს (X-XIIIსს.).

ახალციხის წმ. ჯვრის ეკლესია არაერთხელ იქნა იავარყოფილი მტრისაგან, მაგრამ მრევლი არასდროს მოჰკლებია, რადგან სწრაფად აღუდგენიათ“. მისი განახლება მომხდარა 1660 წელს; განსაკუთრებულად 1750წელს. ამ ეკლესიის მრევლმა რიგიანი ვეღარა მოისაზრა და ძველის აღებულს ეკლესიას ძველადვე მიმატებული მშვენიერი ჩუქურთმიანი ქვებით აღშენებული ეკლესია დააქციეს და მის მაგიერ უბრალო სადა რბილი ქვის ეკლესია აღაგეს, საკურთხეველი და ამის ძველი გუმბათი კი ძველის ეკლესიის არის, რაც მცირედ გადააკეთეს“- აღნიშნავდა ზ. ჭიჭინაძე.

სომხურმა ეკლესიამ თავისი მზაკვრული ქმედებით იმდენი მოახერხა, რომ „XIX საუკუნის II ნახევრიდან, მეფის რუსეთმა ევროპიდან საქართველოში კათოლიკე მისიონერების შემოსვლა აკრძალა და აქ მაცხოვრებელ ქართველ კათოლიკეებს წირვა-ლოცვა სომხურ რიტზე დაუწესა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო არა ანტიკათოლიკური, არამედ ანტიქართული - ერის სულიერი გახლეჩვის მზაკვრული პოლიტიკა“. იმდროინდელი რუსეთის ხელისუფლების მიერ გატარებულმა ამგვარმა შორსგამიზნულმა პოლიტიკამ სომეხ მღვდელმსახურებს საშუალება მისცა ფართოდ გაეშალათ თავიანთი შოვინისტური საქმიანობა. კათოლიკობის ნიღაბს ამოფარებული სომეხი სასულიერო პირები, ამ სარწმუნოების გამოყენებით, ქართველ კათოლიკეებში მშობლიური ენის, ეროვნული თვითმყოფადობის, ეროვნული თვითშეგნების საბოლოოდ ჩაკვლასა და ძირძველი ქართული ეკლესია-მონასტრების მიტაცება-დაპატრონებას ცდილობდნენ.

ჯვართამაღლების ეკლესია სომხურ ტიპიკონზე ნაკურთხი ქართველი კათოლიკე მღვდლის პავლე შაჰყულიანის (ჭილიმუზაშვილის) ძალისხმევით, XIX საუკუნის II ნახევრიდან სომხურ ტიპიკონზე მდგარ ქართველ კათოლიკეთა ხელში გადადის და მათ წირვა-ლოცვა უკვე სომხური ტიპიკონით უტარდებოდათ. მიუხედავად ამისა, მრევლი რომ ქართულენოვანი იყო, ამაზე მეტყველებს 1881 წელს მიშენებული სამრეკლოს ზემოთ მოტანილი წარწერა. ეს ეკლესია სომხურ-კათოლიკური ან სომხურ-მონოფიზიტური რომ ყოფილიყო, მაშინ სამრეკლოს ამშენებლის ვინაობა და მისი აშენების თარიღი არა ქართულად, არამედ სომხურ ენაზე იქნებოდა გაკეთებული.

ჯვართამაღლების ეკლესია და მის გარშემო არსებული სასაფლაო, თავისი ქართული ეპიტაფიებით, როგორც კულტურის ძეგლი, ავად თუ კარგად მეტ-ნაკლებად დაცული იყო საბჭოთა პერიოდშიც კი (შემოვლებული ღობე, შედგენილი პასპორტი). 1980 წელს შედგენილ პასპორტში ( N46) აღნიშნულია: „ეკლესია დიდი ზომისაა. გადახურვა და კმარა ჩაქცეულია, კედლების ზეთავები-მონგრეული.

სამხრეთის ფასადის შუაწელში მიდგმულია სამრეკლო.

შიდა სივრცე სწორკუთხა გეგმისაა, დარბაზი საკმაოდ განიერია. აღმოსავლეთის ნაწილს თაღები სამ ტოლ ნაწილად ყოფს, რომელთაგან გვერდითები პოსტფორიუმებია, შუა საკურთხეველში გასასვლელი. ეს უკანასკნელი მოდგმულია გარედან ფასადზე და ოდნავ ჩამოუვარდება სიგანით მთელს ფასადს. საკურთხეველი თითქმის მთლიანად დანგრეულია. დარბაზი ძალზე განათებული იყო. ეს ხერხდებოდა ხშირად განლაგებული და განიერი სარკმლების წყალობით.

სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებს თაღები მიუყვება. ინტერიერის კედლები უხეშად დამუშავებული ქვებითაა ნაშენი და შელესილია.

ფასადები მეტ-ნაკლებად დაზიანებულია. დასავლეთის ფასადს მთლიანად შენარჩუნებული აქვს კარგად დამუშავებული ქვის პერანგი (გარდა ფრონტონის კედლებისა). აქ დეკორატიულ ელემენტებად გვევლინებიან გაერთიანებული სათაურები, რომლებიც რიტმულად უვლიან თავს, ორ სარკმელს და კარებს, აგრეთვე- პროფილირებული კარნიზი, რომელიც გამოყოფს ფრონტონს და კედელს ერთმანეთისგან.

სამხრეთის ფასადს ცენტრში მიდგმული აქვს ორსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული წარმოადგენს ოთხ სვეტზე დაყრდნობილ კარიბჭეს, მეორე- რვასვეტიან, კაპიტელებით შემკულ სარკმელს, რომელსაც რვაფერდა ჩარდახოვანი ლორფინებით გადახურული სახურავი აქვს. სამრეკლოზე ჯვარია აღმართული.

პერანგი აქაც შენარჩუნებულია.

ეკლესიის ჩრდილოეთის ფასადი შედარებით დაზიანებულია: ცენტრალური ნაწილი მთლიანად გაძარცულია პერანგისაგან, სარკმლის ღიობები განგრეულია.

აღმოსავლეთის ფასადი ფაქტიურად არ არსებობს. მასზე მიდგმული საკურთხევლის ნანგრევები გაძარცულია პერანგისაგან.

ეკლესიის მიჯრით, დასავლეთით პირამიდალურ საფეხურებად აღმართული სასულიერო პირის მდიდრულად შემკული აკლდამაა მოთავსებული. აქვე გამოჩენილი ქართველი მოღვაწის მღვდელ ივანე გვარამაძის ( „ვინმე მესხის“) საფლავის ქვაა.

XXI საუკუნის დასაწყისში ვატიკანიდან შემოგზავნილმა პადრე-ემისრებმა, არა ყოფილი „პადრეებისა“ და „ ფრანგების“ კათოლიკური ეკლესიების, არამედ ადრე აშენებული მართლმადიდებლური ჯვართამაღლების ეკლესიის მიპატრონება სცადეს და არაკანონიერი მაქინაციებით კიდეც მიაღწიეს მიზანს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ 2009 წლამდე ეკლესიას და მის გარშემო არსებულ სასაფლაოს ისტორიული ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, შეძლებისდაგვარად დაცულიც იყო. შემოსულმა კათოლიკე პადრეებმა (ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, პადრეები ბრაგანტინი და ზურაბ კაკაჩიშვილი და სხვები) ამ ტაძრის საბოლოო მითვისება გადაწყვიტეს. მათ ამ საქმეში აქტიურ დახმარებას უწევდა ქალაქის იმდროინდელი გამგებელი დავით ალთუნაშვილი. მისი უშუალო მონაწილეობითა და დახმარებით გარკვეულმა პირებმა (უშუალოდ მაშინდელ გამგებელს უნდა ჰკითხონ) ეკლესიას, მის გარშემო არსებულ ძველ სასაფლაოს ისტორიული ძეგლის სტატუსი მოუხსნეს და მხოლოდ ივანე გვარამაძის სასაფლაო დატოვეს, როგორც ისტორიული ძეგლი. ამით ხელ-ფეხი გაუხსნეს შემოსულ ემისრებს და მათ 2010 წლის გაზაფხულზე დაიწყეს აღნიშნული ეკლესიის გადაკეთებ-გადმოკეთება. მის გარშემო არსებული სასაფლაო, როგორც ისტორიული ძეგლი, მთლიანად გაანადგურეს (ქართულ წარწერიან საფლავის ქვებს, ცხვრისა და აკვნის ქანდაკებებს ზოგს მიწა გადააყარეს, ზოგი სად წაიღეს ღმერთმა უწყის, ზოგი „შემოემტვრიათ“ და ა. შ) და მასზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყეს.

საინტერესოა ეს ემისრები, თუ მართლა ქრისტიანები არიან და ქრისტიანული მრწამსით მოქმედებენ, მაშინ რატომ გაანადგურეს სამსაუკუნოვანი ქართულწარწერიანი საფლავის ქვები, რომელთა ისტორიული ღირებულება კომუნისტებმაც კი აღიარეს და ხელი არ ახლეს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა- რა მიზანი ამოძრავებთ მათ? ზემოთ მოტანილი მასალებიდან გამომდინარე, ამ საუკუნის დასაწყისში შემოსულ პადრეებს არა ჯვართამაღლების ეკლესიის, არამედ პატრებისა და ფრანგების ეკლესიებად წოდებულ წმ. მარიამისა და იოანე ნათლისმცემლის კათოლიკური სალოცავების აღდგენა-განახლებაზე უნდა ეზრუნათ, მაგრამ მათ ეს შეგნებულად არ გააკეთეს, რადგან ეს ეკლესიები გვიან XVIII საუკუნეშია აგებული, ჯვართამაღლებისა კი- XII-XIV საუკუნეებში, ამიტომ მას საქართველოში კათოლიკობის „დაძველების“ მიზნით მიეპატრონენ.

საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ისტორიული ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით კონსტიტუციაში საგანგებო მუხლია შეტანილი: „საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია ზრუნავდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე. კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო იცავს კანონით“ (მუხ.34.2).

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებულ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე.

1. „სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებული ტაძრებს მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომელზეც ისინია განლაგებული.

2. ზემოაღნიშნულ ნაგებობათა დაცვის ზომები, მათი მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობით და ეკლესიასთან შეთანხმებით.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ მოქმედ კანონში მითითებულია: „ადგილობრივი თვითმართველობის და მმართველობის ორგანოები განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ახორციელებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას“. (მხ.12) მათ უფლება აქვთ არ დაუშვან „დეპარტამენტის წერილობითი თანხმობის გარეშე უძრავი ძეგლის, მისი ნაწილებისა და ფრაგმენტების გადაკეთება, გადაადგილება და დაშლა, ხოლო უძრავი ძეგლის დამცავ ზოლში-მიწის სამუშაოების ჩატარება, მიცვალებულთა დაკრძალვა, მრავალწლიანი მცენარეების დარგვა და მოსპობა“. (მუხლი 25).

1. აკრძალულია უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება, გადაადგილება ან დაშლა.

2. უძრავი ძეგლის ან მისი ნაწილის გადაკეთება, გადაადგილება ან დაშლა დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ამას მოითხოვს:

ა) უძრავი ძეგლის გადარჩენა;

ბ) გადაუდებელი აუცილებელი მდგომარეობა

3. უძრავი ძეგლის დაკარგული არქიტექტურული ფორმებისა და ელემენტების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ აღსადგენი არქიტექტურული ფორმებისა და ელემენტების სრული იდენტიფიკაციისა და ზუსტი მეცნიერულ მონაცემებზე დაფუძნებული საპროექტო დოკუმენტაციის ბაზაზე.“

საქართველოს სისხლის სამართლის კანონით „ისტორიის, კულტურის ან ბუნების ძეგლთა ანდა ისტორიული ან კულტურული ფასეულობის მქონე საგნის ან დოკუმენტის განზრახ დაზიანება ან გადადგურება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე“ (მუხ. 257). მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კანონი ჩვენს ქვეყანაში დღეს ფაქტიურად არ მოქმედებს.




გამოყენებული ლიტერატურა

1. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ., 1973.

2. მ.თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა საქართველოში თბ., 1902.

3. მტ. თამარაშვილი, პასუხად სომეხ მწერლებს, რომლებიც უარჰყოფენ ქართველ კათოლიკობას, თბ., 1904.

4. ბ.არველაძე, როცა უდაო სადაო ხდება, თბ., 2005.

5. გ.ბოჭორიძე, მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992.

6. თ.იველაშვილი, ბ.არველაძე, მარდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, თბ., 2009.

7. თ.იველაშვილი, კათოლიკობა საქართველოში, თბ., 2009.

8. საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლები, პასპ. N 48.

9. საქართველოს კონსტიტუცია, თბ. 1995.

10. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N1, თბ.2006.

11. ზ. ჭიჭინაძე, კათოლიკეთა ეკლესიები საქართველოში, თბ., 1902.

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები