პოლიტიკა

ბოლშევიკური წმენდის წინააღმდეგ – აქცია კულტურის სამინისტროსთან

21.01.22 15:20


თბილისში, კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

 

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქციის მთავარი მიზანი კულტურის სფეროში მიმდინარე ბოლშევიკური წმენდის გაპროტესტებაა.

 

ამ აქციას ორი ძირითადი მოვლენა უძღოდა წინ. ერთ-ერთი მათგანი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებაა – მათ შორის, კურატორების, რომლებიც აქ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ.

 

მათი ნაწილი გათავისუფლებას პეტიციის ხელმოწერას უკავშირებს. პეტიცია ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შექმნილია და ის ითხოვს, რომ მუზეუმში მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს.

 

ამის პარალელურად, სამინისტრო გეგმავს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძესთან „სერიოზულად განიხილოს“ მუზეუმის მიერ გამოცემული ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნში დაშვებული შეცდომის საკითხი. აღნიშნულ წიგნში ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად, შეცდომით, ელენე ბაქრაძეა (დარიანი) მითითებული.

 

სამინისტრომ 17 იანვარს, განცხადებაში აღნიშნა, რომ მათ მოითხოვეს მუზეუმისგან აღნიშნული გამოცემის გავრცელების შეწყვეტა და მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დაბრუნება.

 

იმის შესახებ, რომ ელენე ბაქრაძის (დარიანის) წიგნში შეცდომა იყო, თავად ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს გამოაქვეყნა სტატუსი ფეისბუქზე. ის განმარტავდა, რომ ანა კალანდაძის ორი ლექსი, რომელიც ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, შეცდომით მიიჩნიეს დარიანის ლექსად და გამოაქვეყნეს მისი ავტორობით.

 

„დარიანის“ ხელახლად გამოსაცემად მოქალაქეებმა შემოწირულებების სახით უკვე ააგროვეს საჭირო თანხა.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები