მსოფლიო

“ალიევი ყარაბაღის სომხების გენოციდისთვის ემზადება”- ფაშინიანი

10.11.22 17:00


დღეს, 10 ნოემბერს, სომხეთის მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეხმაურება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის უკანასკნელ განცხადებებს სომხეთთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ალიევი ემზადება ყარაბაღში მცხოვრები სომხების გენოციდისთვის.

 

“აცხადებს პრეტენზიებს სომხეთის სუვერენული ტერიტორიების მიმართ და ემუქრება სომხეთის დასახლებული პუნქტების სახელწოდებების შეცვლით, რითაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას ცდილობს. ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღი არ არსებობს და პრაქტიკულად ყოველდღე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს”, – აცხადებს ფაშინიანი.

 

“სომხეთმა უნდა იცოდეს, რომ ცეცხლთან თამაში ძვირი დაუჯდება”, –  განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 8 ნოემბრის გამოსვლის დროს, 2020 წლის ყარბაღის ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე.


“მისი უკანასკნელი განცხადებები და მოქმედებები ნათლად აჩვენებს, რომ ალიევი კი არ იმუქრება, არამედ ამზადებს მთიანი ყარაბაღის სომხების გენოციდს. ცდილობს შექმნას საფუძველი იმისთვის, რომ დაკეტოს ლაჩნის დერეფანი და მთიანი ყარაბაღის სომხები ალყაში მოაქციოს.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების გეოპოლიტიკური სურვილები საფრთხედ რჩება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ამ განცხადებებში, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებისა და სომხეთისკენაა მიმართული, სომხეთი დადანაშაულებულია შეთანხმებებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში”.

 

ფაშინიანის განცხადებითვე, ის, რომ ალიევის მუქარები ისმის სომხეთისა და აზერბაიჯანული მხარეების ვაშინგტონში შეხვედრის მეორე დღესვე, ქვეყნებში დელეგაციების დაბრუნებამდე, არღვევს პრაღის 6 ოქტომბრის და 31 ოქტომბრის სამმხრივი წერილობითი შეთანხმებასაც.

 

“აზერბაიჯანი სომხეთზე თავდასხმის ახალ საბაბს ქმნის” – ფაშინიანი



2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღში დაწყებული აქტიური საბრძოლო მოქმედებები 44 დღე გაგრძელდა და უკანასკნელი დროის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი აღმოჩნდა. ომი დასრულდა აზერბაიჯანის გამარჯვებითა და რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი სამმხრივი შეთახმებით. საბრძოლო მოქმედებების დროს აზერბაიჯანმა დაახლოებით 3,800 კვ. კილომეტრი ფართობის ტერიტორია დაიკავა და კიდევ 4,700 კვ.კმ  10 ნოემბრის სამმხრივი “განცხადების” შედეგად მიიღო. ამ დრომდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმებულა მხარეებისთვის პრინციპულად მიუღებელი გარემოებების მოტივით.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 415


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები