პოლიტიკა

სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ის, რომ თუ გუშინ დაუძინებელი მტრები იყვნენ, დღეს შეიძლება ნათელ-მირონები გახდნენ - რომან გოცირიძე

24.01.23 17:40


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ტვ პირველის“ ეთერში, ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებასა და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. 

 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს  წინასწარ დაგეგმილი იყო ხელისუფლების მიერ. 

 

მისი თქმით, ქვეყანაში ასეთი ვითარება რუსეთს გაუხარდება და კიდევ ერთხელ შეაქებს ხელისუფლებას.

 

„საქართველოს არ სჭირდება დასავლეთი, ებრძვის - ამერიკას, ევროკავშირს, არ არის სოლიდარული უკრაინის მიმართ. ანტიდასავლური ცეცხლი არ უნდა ჩაქრეს და ხანდახან ამიტომ უნდა შეუჩხიკინო ცეცხლს და ერთ-ერთი ასეთი მოვლენა ვიხილეთ ოზურგეთში {„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციას სათამაშო ტანკები, ჯარისკაცები და საბრძოლო ტექნიკა აჩუქეს}. ცემა-ტყეპა ვის არ უნახავს ქართულ პოლიტიკაში? ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი.

 

ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ოცნება, რომ შევიდეთ ევროპაში და გვქონდეს უსაფრთხოების ევროპული და ევროატლანტიკური გარანტიები, ამის წინააღმდეგ გამოდის ხელისუფლება. ეს ერთი პატარა შემთხვევა არ არის პატარა სათამაშო ტანკებით თამაში, ეს არის დაგეგმილი პარტიაში. ამ ყველაფერს ძალიან დიდი სიხარულით შეხვდება რუსეთი და კიდევ ერთხელ დაუკრავს ტაშს. არ არის გამორიცხული მართლაც გახსნას ფრენები“, - აცხადებს რომან გოცირიძე. 

 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პარტიაში  თავმჯდომარის შეცვლის პროცესი არ უნდა დაწყებულიყო და მას შეცდომას უწოდებს. 

 

„რა თქმა უნდა, ოპოზიციაც სცოდავს, მას აქვს შეცდომები და არ არის კარგ ფორმაში. ოპოზიციამ დაშვებული შეცდომები უნდა გამოასწოროს. ოპოზიციამ არჩევნებისთვის მზადება უნდა დაიწყოს. „ქართული ოცნების“ დამარცხება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეუძლებელია. „ნაცმოძრაობა“ არ დაიშლება, ეს არის ილუზია. პარტიაში არსებული არაჯანსაღი ვითარება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს.

 

თავმჯდომარეობის არჩევნების პროცესი არის ძალიან ცუდი, უკიდურესად დააზარალა „ნაცმოძრაობა“, გააფუჭა ურთიერთობები ადამიანებს შორის. პარტია არის ადამიანები და ადამიანური ურთიერთობების აღდგენა არ არის მარტივი. არჩევნების ჩატარების შემდეგ პარტიას დასჭირდება სერიოზული რეანიმაცია და ეს რეანიმაციული პერიოდი არ იქნება ადვილი. პარტიაში ეს პროცესი არ უნდა დაწყებულიყო, ეს იყო - შეცდომა. „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა არის ძალიან  დიდი, მათ შორის, ოპოზიციის წინაშე. 

 

არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ჭრილობების მოშუშების პერიოდი უნდა დაიწყოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რყევები, ეს არყევს ქვეყანას და ეს ასუსტებს ოპოზიციას. არჩევნების შემდეგ - დამარცხებულმა უნდა მიულოცოს გამარჯვებულს. კონკურენცია ხდება პარტიის შიგნით, თუმცა გამარჯვებულმა ხელი უნდა ჩამოართვას დამარცხებულსაც. პარტიაში არ უნდა მოხდეს საბოტაჟი. 

 

სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ის, რომ თუ გუშინ ერთმანეთს ლანძღავდნენ და დაუძინებელი მტრები იყვნენ, დღეს შეიძლება ნათელ-მირონები გახდნენ, ეს სულაც არ არის კარგი, მაგრამ ეს არის ქართული პოლიტიკა“, - აღნიშნავს ენმ-ს დეპუტატი. 

 

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“  დეპუტატებმა ოზურგეთში ოპოზიციას სათამაშო ტანკები, ჯარისკაცები და საბრძოლო ტექნიკა აჩუქეს. პერფორმანსს ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები