საზოგადოება

საპატიო მიზეზით: ფესტივალი Blues&Wine 17 ივნისამდე გადაიდო

09.06.17 21:25


ბლუზმენის, კოკა ცქიტიშვილის გარდაცვალების გამო საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის Blues&Wine თარიღი, ვადები და პროგრამა შეიცვალა. ფესტივალი კახეთში 2017 წლის 9 ივნისიდან 3 სექტემბრამდე უნდა გამართულიყო.

ცნობილი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და ჯგუფ T.Blues Mob-ის ლიდერი კოკა ცქიტიშვილი 7 ივნისს გარდაიცვალა. მუსიკოსს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ბოლო რამდენიმე კვირა კომაში იმყოფებოდა. ის 56 წლისა იყო. ცქიტიშვილი რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა ფესტივალის Blues&Wine დაწყებამდე, რომლის ინიციატორი, იდეური სულის ჩამდგმელი და ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

"კოკასთან ერთად გავიზარდე, ბავშვობის მეგობრები ვართ, მეზობლად ვცხოვრობდით. ისე ოცნებობდა ამ ფესტივალზე… ოპერაციის წინ რაღაც იგრძნო და თქვა: "მინდოდა, ბლუზ-ფესტივალზე დღესასწაული მომეწყო და არა ჩემი პანაშვიდი. და ხუთ წუთში გაითიშა", — განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ფესტივალის ორგანიზატორმა ვიქტორ კერვალიშვილმა.

იმის გამო, რომ მრავალ მუსიკოსთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელი კოკა ცქიტიშვილი იყო და ის 37 დღე კომაში იმყოფებოდა, ფესტივალის პროგრამა ცოტა შეიცვალა. "ჩვენ განვაახლეთ მოლაპარაკებები იმ მუსიკოსებთან, რომლებიც თავად დაგვიკავშირდნენ. სამ შემთხვევაში ჩვენ, უბრალოდ, შევცვალეთ შემსრულებლები", — განაცხადა კერვალიშვილმა. ფესტივალი ლაგოდეხის ნაკრძალთა ახლოს დაიწყება 17 ივნისს და დასრულდება 12 აგვისტოს. გახსნის ცერემონიაზე გაიმართება ბლუზმენების ქართული ლოჟის მაგისტრების მანდატებით დაჯილდოება, რომელიც ორგანიზებულია აშშ-ის საელჩოსთან ერთად. იმავე საღამოს, 17 ივნისს, ფესტივალის სცენაზე გამოვა ამერიკელი სოულ-მომღერალი შარონ ლიუისი.

მომღერალი საქართველოში პირველად ჩამოვა. შემდეგ ფესტივალზე გამოვლენ: ამერიკელი შემსრულებელი შანა უოტერსტოუნი — 7 ივლისს, ისრაელის ბლუზ-ბენდი Sobo – 22 ივლისს, ლონდონელი გიტარისტი სტივ მორისონი — 29 ივლისს. დანარჩენი შემსრულებლების კონცერტების თარიღები ჯერჯერობით ზუსტდება. საერთაშორისო ბლუზ–ფესტივალი კომპანია Blues Village–ის, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის Blues&Wine-ის საინფორმაციო პარტნიორი 2017 წელს საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik–საქართველო" გახდა. ორგანიზატორების განცხადებით, ადგილზე, სადაც ფესტივალი უნდა გაიმართოს, მოეწყო მთელი ინფრასტრუქტურა: ადგილები კარვებისთვის, კვების ობიექტები და ბიოტუალეტები. სპეციალურად სტუმრებისთვის თბილისიდან უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები