საზოგადოება

ქართველი მუსიკოსები ცნობილი მწერლისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის შვილს დაეხმარებიან

07.07.16 21:05


ცნობილი ქართველი მწერლისა და რეჟისორის ვაჟის დასახმარებლად თბილისში, შაბათს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

2016 წლის იანვარში ჩოხელის უმცროსი ვაჟი ნიკა ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგად საწოლს მიეჯაჭვა.

ახალგაზრდის გამოჯანმრთელებისთვის საზღვარგარეთ სასწრაფო ოპერაციაა საჭირო, ეს თანხა კი ჩოხელის ოჯახსა და ახლობლებს არ აქვთ.

საქველმოქმედო საღამო სახელწოდებით „საღამო ნიკა ჩოხელთან ერთად“ თბილისის საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე დაიწყება.

სცენაზე გამოვლენ ცნობილი ქართველი საესტრადო შემსრულებლები: თამარ ჭოხონელიძე, თემურ წიკლაური, ანრი ჯოხაძე, ზურაბ დოიჯაშვილი და სხვები.

კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ანსამბლები: „ორერა“, „გორდელა“ და „ქართული ხმები“.

გოდერძი ჩოხელი გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, მწერალი და სცენარისტია. ის ავტორია ისეთი მოთხრობებისა და რომანებისა, როგორებიცაა „ბაკურხეველი ხევსური“, „წერილი ნაძვებს“, „ადამიანთა სევდა“, „მგელი“ და სხვა. მის კინოფილმებს შორისაა — „ადამიანთა სევდა“, „ლუკას სახარება“, „ადგილის დედა“, „ცოდვის შვილები“ და სხვა.

გოდერძი ჩოხელს მიღებული აქვს ჯილდოები და პრიზები: საქართველოს სახელმწიფო პრემია ფილმისათვის "ცოდვის შვილები" – 1991 წ. გრან–პრი ფილმისათვის "აღდგომა", ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი – 1982 წ.; „ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის "ცოდვის შვილები" მონტე–კარლოს კინოფესტივალზე – 1991 წ.; იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – 1991 წ.; პრიზები საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის თბილისის "ოქროს არწივის" ფესტივალზე – 1992 წ.; გრან პრი ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისათვის “სამოთხის გვრიტები" – 1997 წ.; პრიზი საუკეთესო სცენარისათვის ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისთვის "ლუკას სახარება" – 1998 წ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები