პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება იყო

13.05.19 16:00


„ყოფილი პრემიერმინისტრის, ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება იყო, რომელიც მსჯავრდებულის ადვოკატს ჩაბარდა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა, პასუხად კითხვაზე, რატომ ეთქვა მერაბიშვილს უარი პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.

მინისტრის განმარტებით, გადაწყვეტილება მსჯავრდებულის დაცვის მხარეს ჩაბარდა, სადაც მიზეზიც არის მოცემული.

„ასეთი იყო შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილება. როგორც ვიცი, გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჩაბარებული აქვს უკვე და მოტივაციაც შეგიძლიათ, იქ იხილოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს, რასთან დაკავშირებითაც მერაბიშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა დაიკითხოს – თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ეს „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” საქმეზე ერთადერთი ნაწილია, სადაც ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა.

„რაც შეეხება გაყვანის ეპიზოდს – ამ ეპიზოდზე იცით, რომ არის ერთადერთი ნაწილი „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე, რომელიც საკნიდან გაყვანის ეპიზოდს ეხება, სადაც “ევროპულმა სასამართლომ” დარღვევა დაადგინა და სწორედ ამ ერთ ნაწილში მინისტრთა კომიტეტის ეგიდით განახლდა შარშან გამოძიება. ბუნებრივია, რომ თავად ვანო მერაბიშვილიც კიდევ ერთხელ გამოიკითხება. რაც შეეხება საქმის დანარჩენ ნაწილს – იქ ყველა ეპიზოდში სახელმწიფოს სასარგებლოდ დასრულდა და, რეალურად, მინისტრთა კომიტეტის დონეზე ეროვნულ ფარგლებში სამუშაო არაფერია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილა.

თუმცა, მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები