პოლიტიკა

დავით ზალკალიანი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

22.09.21 10:00


გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი/საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

 

„განსაკუთრებით აღინიშნა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს ჩართულობა და მისი განსაკუთრებული როლი მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანის პროცესში, რისთვისაც უნგრეთის მხარემ მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს.

 

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საქართველოსა და უნგრეთის თანამშრომლობის კარგი პრაქტიკას და ამ პროცესში შემდგომი კოორიდნაციის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს. ზალკალიანმა უნგრელ კოლეგას პანდემიის პერიოდში გამოვლენილი სოლიდარობისა და ჩინური ვაქცინების საქართველოში ტრანსპორტირების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

საუბარი შეეხო პოსტ-პანდემიის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირების განმტკიცების აუცილებლობასა და საინვესტიციო ურთიერთობების მიმართულებით არსებულ პოტენციალის უფრო აქტიურ გამოყენებას.

 

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს უნგრეთის მხრიდან საქართველოს ღია და მკაფიო მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა აფიქსირებს ყველა მნიშვნელოვან საკითხში როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორუმებზე. შეხვედრაზე ვიშეგრადის ჯგუფთან დიალოგის გაფართოების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ ვიშეგრადის ჯგუფი უნგრეთის თავმჯდომარეობის პირობებშიც განაგრძობს საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების მხარდაჭერას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

უწყების ცნობით, საქართველოს და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების შესახებ. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის განცხადებით, უნგრეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სრულად უჭერს მხარს.

 

20-25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკს ვიზიტით ეწვია. ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს დელეგაციაში ვიცე-პრემიერი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი შედიან.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები