დაშნაკები 1918 წლის ზაფხულში საქართველოსა და ბაქოში

01.11.23 17:00


ნაწილი 7

დამოუკიდებელი საქართველო და „დაშნაკები“

 

მიუხედავად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისა და სომხური სახელმწიფოს დე ფაქტო ფორმალიზებისა, საქართველოში მოქმედი გარკვეული სომხური პოლიტიკური წრეები, მათ შორის დაშნაკები, აშკარად უარყოფითად შეხვდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ფაქტს. ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ ისინი მაინცდამაინც დიდი ენთუზიაზმით არც დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფოს შექმნის ფაქტს შეხვდნენ.

 

საქმე იმაშია, რომ მათთვის სომხეთის სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება და რესპუბლიკის გამოცხადება გარკვეულ რისკებთან და ხიფათთან იყო დაკავშირებული. ამ მომენტისათვის, საქართველოში მოღვაწე ზოგიერთი დაშნაკი ლიდერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ანტიდემოკრატიულ აქტად აფასებდა, სომეხთათვის სტაბილურობის გარანტად და შექმნილი რთული სიტუაციიდან იდეალურ გამოსავლად კი, ისინი, საქართველოს შემადგენლობაში სომეხთა კულტურული ავტონომიის შექმნას მიიჩნევდნენ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ ,,საქართველოს“ 1918 წლის 9 ივნისის ნომერში ვკითხულობთ:

 

,,საქართველოში დაშნაკცუტიუნის პარტიის სარაიონო კრებამ მოისმინა გ. კ. გაზაზიანის მოხსენება საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული კულტურული ავტონომიის შესახებ და დაადგინა: საქართველოს დამოუკიდებლობა შედეგია იმ არა ნორმალური ცუდი შექმნილი პოლიტიკური პირობებისა, რომლის გამოც დაირღვა რუსეთის მთლიანი მშრომელი ხალხის ფრონტი, დაიმსხვრა მთლიანობა ამიერ კავკასიის მშრომელი მასისა და წარმოიშვა ეროვნული საქართველო. იღებს რა მხედველობაში, რომ ეს მდგომარეობა ანტიდემოკრატიულია დაშნაკცუტიუნის პარტია ანგარიშს უწევს საქართველოს დამოუკიდებლობას როგორც უკვე მომხდარ ფაქტს.

 

რაიონული კრება შეუძლებლად თვლის რაიმე უფლებების ან თანასწორობის შეზღუდვას რომელიმე ერისას, განსაკუთრებით იმ ერისა, რომელიც უმცირესობას შეადგენს რომელი სახელმწიფოს საზღვრებშიაც არ უნდა იყოს იგი. სომხის დაშნაკცუტიუნის პარტიის პროგრამა თხოულობს ეროვნულ კულტურულ ავტონომიას ეროვნული უმცირესობისათვის და ამისათვის კრებამ დადგინა:

 

1. მიიღოს აქტიური მონაწილეობა საქართველოს მთავრობაში როგორც სწორ უფლებიან მოქალაქეთ;

 

2. მოთხოვნა უმცირესობის უფლებების უზრუნველყოფისა;

 

3. მოთხოვნა ეროვნულ ექსტერიტორიულ (საქართველოს სომხეთისათვის) ავტონომიისა ეროვნულ-კულტურულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად“; 549 (ხაზგასმები ჩემია - ა. ჩ.). მაგრამ დაშნაკური პარტიის ,,დიადმა იდეამ“ ყველაფერი გადაწონა - პარტიის ცალკეული ორგანიზაციებისა და წევრების სურვილი დარჩა ,,ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

 

,,კავკასიის წითელის არმია“

 

ამავე დღეს შეიქმნა ბაქოს მშრომელთა საბჭო სტეფანე შაუმიანის თავმჯდომარეობით, ყველა სხვა პარტია და ეროვნული საბჭო კი, მიმდინარე საქმეებს ჩამოშორდა. ასეთ ვითარებაში ერთადერთი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც ბაქოს სომეხთა თემში, ასევე სამხედრო შენაერთებში, სომეხთა ეროვნული საბჭო იყო.

 

ამ მომენტიდან დაწყებული, ბაქოს ბოლშევიკურ კომუნას დაქვემდებარებულ სომხურ-რუსულ დაშნაკურ-ბოლშევიკურ სამხედრო შენაერთს ,,კავკასიის წითელის არმია“ ეწოდა.  არმიის სარდლად სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი გრიგორი ყორღანოვი დაინიშნა.

 

,,ჯერ კიდევ გერმანელების კავკასიიდან წასვლამდე დაშნაკები ინგლისელთა სარდლობასთან დელეგაციებს აგზავნიდნენ და მათ ამიერკავკასიის ოკუპაციისათვის იწვევდნენ. კაპიტანი კოლმანიანი, რომელიც 1918 წლის სექტემბერში სპეციალურ მივლინებაში იმყოფებოდა ბაქოში, ენზელისა და პეტროვსკში, თავის სრულიად საიდუმლო პატაკში სომხეთის საგარეო მინისტრისადმი წერდა: ინგლისელთა მოწვევის ინიციატივა, ფაქტიურად, სომხებისაგან მომდინარეობდა (სომეხთა ეროვნული საბჭო).

 

ამასვე ადასტურებს ბაქოს რუსთა ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი წევრი, თეთრგვარდიელი ბ. ბაიკოვი თავის მოგონებებში, რომელიც მან ბერლინში გამომავალ ,,რუსული რევოლუციის არქივის” ფურცლებზე გამოაქვეყნა: ,,სომეხთა ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი წევრი, სათანადო რწმუნებებით აღჭურვილი ს. ა. გაზაროვი, - წერდა ბაიკოვი, - ენზელიში იქნა მივლინებული გენერალ დანსთერვილთან (Lionel Charles Dunsterville), ინგლისის ჯარების სარდალთან სპარსეთში, მოლაპარაკებების წარმოებისა და ბაქოში მოწვევისათვის, ქალაქის დასაცავად”.

 

სომეხ დაშნაკთა აქტიურ მოლაპარაკებებს ბრიტანელებთან ზემოთ აღნიშნულ თარიღზე გაცილებით უფრო ადრე და მათი ბაქოში მოწვევის ფაქტს, სხვათა შორის, ვერც სომეხი ავტორები უარყოფენ. იგივე გრანტ ავეტისიანი წერს: ,,1918 წლის ივნისში ინგლისელებთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ბაქოს სომეხთა ნაციონალური საბჭოს მიერ მივლინებულ იქნენ მ. ტერპოღოსიანი და სარქის არარატიანი”.

 

მივაქციოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ სომეხი დაშნაკები სომეხთა ნაციონალური საბჭოს დავალებით უკვე ივნისის თვიდან აწარმოებდნენ ბოლშევიკების ზურგს უკან სეპარატისტულ მოლაპარაკებებს ბრიტანელებთან ბაქოს ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ივნისის თვეში ეპყრათ ბაქოში ყველაზე მყარად ხელისუფლების სადავეები რუს ბოლშევიკებს. აი, სომეხ დაშნაკთა იდეურობისა და ერთგული პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი ნიმუში. დაშნაკთა მორიგი მეტამორფოზა დაფარული არ ყოფილა და ისიც ფაქტია, რომ ბრიტანულდაშნაკური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შეკვრის შესაძლობლობას ბაქოელი ბოლშევიკები დიდი აღშფოთებით შეხვდნენ. ალიოშა ჯაფარიძე: ,,გეუბნებით მე თქვენ, რომ ნუ უძახით ინგლისელებს, რადგან ამით საბჭოთა ხელისუფლებას დაღუპავთ, რუსეთისგან მოწყვეტთ ბაქოს და გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებთ“.

 

საბოლოო ჯამში, ბაქოს ბოლშევიკური კომუნა სომეხ დაშნაკთა ხელით დაემხო და  იქ, უკვე ესერებთან ალიანსში, ე.წ. ,,ცენტროკასპიისპირეთის დიქტატურა” დამყარდა.

 

წარმოუდგენელი და ერთი შეხედვით ალოგიკური ისტორიული პროცესების გამაოგნებელი განვითარებაა, რის ახსნასაც ამაოდ შევეცდებით დიალექტიკისა და ლოგიკის კანონების გამოყენებით. მიზეზები და რეალობა კი, მარტივია, გაცილებით მარტივი და პროზაული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

 

რა თქმა უნდა, მოცემულ მომენტში, პოლკოვნიკი ბიჩერახოვი კონიუნქტურული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდა და მისი წითელი არმიის ოფიცრად და ბაქოს ბოლშევიკური რევოლუციის ერთ-ერთ ბელადად გარდასახვა (ისევე, როგორც გენერალ ანდრანიკისა, ან ცნობილი ჰუნჩაკი ამაზასპისა, ან არანაკლებ ცნობილი კრიმინალის, სტეფანე ლალაევისა) ისტორიის ბოროტი ხუმრობა უფრო იყო, ვიდრე ობიექტური რეალობა.

 

რეალობა კი, მარტივი იყო - პოლკოვნიკი ლაზარ ბიჩერახოვი სამართლიანად თვლიდა, რომ ამ ეტაპზე მისი რაზმისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლა შეუძლებელი იქნებოდა ბოლშევიკებთან კოოპერაციის გარეშე. ჯერ კიდევ ენზელიში ყოფნის დროს, 1918 წლის 27 ივნისს, მან შეტყობინება გაუგზავნა ბაქოს ბოლშევიკთა კომიტეტს, სადაც აცხადებდა, რომ ,,მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებას შეეძლო რუსეთი ხსნა“.

 

ლაზარ ბიჩერახოვის ეს მოწოდება მსწრაფლ აიტაცეს ბაქოს ბოლშევიკურმა გაზეთებმა. ზუსტად ამ დროს კი, ლაზარის უმცროსი ძმა, გიორგი ბიჩერახოვი, მთიელთა ე.წ. ,,თერგის რესპუბლიკაში’’ ანტისაბჭოთა შეიარაღებულ აჯანყებას ხელმძღვანელობდა. სინამდვილეში ლაზარ ბიჩერახოვს თავისი იდეოლოგიური ვექტორები არ გადაულაგებია და რა თქმა უნდა, იგი ისევ დაჯერებულ ცარისტად რჩებოდა. ჩვენი ეს დასკვნები ,,ბაქოს ბოლშევიკურ კომუნაში“ მიმდინარე მოვლენების შემდგომმა განვითარებამაც დაადასტურა.

 

ბიჩერახოვის ქვედანაყოფები ქალაქის დაცვის პერიმეტრზე განლაგდნენ, მაგრამ სულ მალე, კრიტიკულ სიტუაციაში, პოლკოვნიკმა ბიჩერახოვმა საკუთარი პოლკი საბრძოლო პოზიციებიდან მოხსნა და პორტ-პეტროვსკის (დღევანდელი მახაჩყალა) გავლით ჩრდილო კავკასიაში გადაიყვანა, სადაც თავისი ძმის შენაერთს დაუკავშირდა. აი, ასეთი გამაოგნებელი, წარმოუდგენელი, მრავალფეროვანი და ერთი შეხედვით ალოგიკური იყო ის იდეოლოგიური, პოლიტიკური და სამხედრო ვნებათა ღელვანი, რასაც მთელი 1918 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი ამიერკავკასიის ,,საბჭოთა ოაზისში”.

 

 

არჩილ ჩაჩხიანის წიგნიდან „სომხეთ-საქართველოს ომი“

 

 

გაგრძელება იქნება

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები