ანალიტიკა

„არცახის“ მხურვალე გულშემატკივარი პრილეპინი უზბეკეთში შეჭრის წინადადებით გამოდის

26.12.23 15:55


რუსი პროპაგანდისტი და მწერალი ზახარ პრილეპინი პოსტსაბჭოთა სივრცეში ცნობილია, როგორც  სეპარატიზმის ყოველგვარი გამოვლინების მხარდამჭერი. პოლიტიკური მოღვაწეობა „არცახის მხურვალე თაყვანისმცემელთან“ ედუარდ ლიმონოვთან თანამშრომლობით დაიწყო. ცოტა ხნის წინ კი სკანდალური განცხადება გააკეტა და  რუსეთს შესთავაზა უზბეკეთში შეჭრა და ამ ქვეყნის აღება.

 

ზახარ პრილეპინის ამგვარი შეთავაზების მიზეზი არის უზბეკეთიდან რუსეთში ჩასული მიგრანტების თვალში საცემი რაოდენობა. პროპაგანდისტისთვის ეს „საკმარისი მიზეზია“ უზბეკეთის დასაპყრობად და იქ რუსული ენის სწავლებისთვის.

 

„გულწრფელად ვემხრობი აზრს, რომ ეს ტერიტორიები, საიდანაც მიგრანტი მუშები მოდიან, მთლიანად უნდა იყოს ანექსირებული და ადგილზე ასწავლონ რუსული ენა“, - ასეთ კომენტარს აკეთებს პრილეპინი მიგრანტებთან „შესაძლო კონფლიქტის“ თემაზე. მწერალი თვლის, რომ რუსეთს ამის უფლება აქვს, რადგან მის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ემიგრანტები ცხოვრობენ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან.

 

„ეს საშუალებას მოგვცემს ნებისმიერ დროს ვთქვათ: „რადგან ჩვენი ორი მილიონი მოქალაქე თქვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ პრეტენზია გვაქვს თქვენს ტერიტორიაზე“, - დასძინა მან.

რუსი ოფიციალური პირის თქმით, „კიევში გამარჯვების აღლუმის“ შემდეგ, რუსეთის ფედერაციას შეუძლია ადვილად შეიჭრას უზბეკეთი, თუ მას ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას.

იმის გათვალისწინებით, რომ ზახარ პრილეპინი ამჟამად მსახურობს პროპაგანდისტად "კრემლთან დაახლოებული პულიდან" და 2023 წლის 14 აგვისტოდან ოფიციალურად ეკავა რუსეთის ეროვნული გვარდიის სპეციალური დანიშნულების პოლკის "ოპლოტის" მეთაურის მოადგილის თანამდებობა, მისი სიტყვები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. ისინი ერთ რამეს გულისხმობენ: კრემლი „იკვლევს“ საზოგადოებრივ აზრს პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში ახალ შემოსევებთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი „გაიყინება“.

 

ბევრი აზრით, უკრაინაში ყველაფერი "გაყინვისკენ" მიდის. შედეგად, კრემლმა შესაძლოა გამოათავისუფლოს „სამხედრო რესურსები“ ახალი ოპერაციებისთვის. ანალიტიკოსებმა კი კარგად იციან ამ ოპერაციების პოტენციური მიმართულებები - ეს არის სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია.

 

იმისათვის, რომ შეფასდეს ბრბოს რეაქცია კრემლის ახალ სამხედრო ავანტიურებზე, საწყის ეტაპზე კრემლი მათ ახმოვანებს "კლოუნების" რეპუტაციის მქონე პროპაგანდისტების მეშვეობით. ზახარ პრილეპინი ერთ-ერთი მათგანია. მან თავი აღმოსავლეთ უკრაინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტთა მხარდაჭერით დაგვამახსოვრა და იყო რუსეთის ფედერაციის პირდაპირი სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი ამ ქვეყნის წინააღმდეგ.

 

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დაახლოებით 2021 წლიდან ზახარ პრილეპინმა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტების მხარდაჭერა „არცახის“ სეპარატისტების მხარდაჭერას "მიაბა" (როგორც, პრინციპში, კრემლის კიდევ ერთი, უფრო მაღალი რანგის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი). და 2021 წლის 18 იანვარს,  დასავლეთის მხრიდან ანტირუსული სანქციების გამკაცრების პერსპექტივების, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან და უარყოფით რეაქციების  კომენტირებისას,  თავის Telegram არხზე მან შემდეგი რამ გამოაქვეყნა:

 

„მაგრამ რაკი ჩვენს სახელმწიფოს ყველაფერი ფეხებზე კიდია და ის ასეთი დამოუკიდებელია, დაე, აღიაროს და მიიღოს რუსეთში დონეცკიც, ლუგანსკიც და ამავდროულად (სურვილისამებრ და რეფერენდუმითაც) „არცახი“ დნესტრისპირეთთან ერთად და ნებისმიერ სხვასთან ერთადაც, თუ მოგვთხოვენ.აი, ეს იქნებოდა უმაღლესი დონის "ფეხზე დაკიდება". წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი უცხო ბიჭუნასგამო რომ მთელმა ქვეყანამ სანქციები აიკიდოს, უკვე მეტისმეტია. უმჯობესია მივიღოთ სანქციები - მილიონები ერთდროულად ჩვენი ხუთი ბიჭისა და გოგოსთვის. ამის გამო ღირს ყველაფრის ატანა".

 

იმავე წელს, მას შემდეგ რაც სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ხელახლა აირჩიეს, მიუხედავად ყარაბაღის მეორე ომში დამარცხებისა, ზახარ პრილეპინი წერს შემდეგს:

 

„ღმერთმა შემინდოს, შეიძლება სომხეთში ახალი უბედურება და ახალი ომი გაჩაღდეს. დარწმუნებული არ ვარ, რომ მთელი სომხეთი დაეტევა ამერიკის საელჩოში იმ საშინელ დღეს, მორიგი "გენოციდისგან" თავის დაღწევის მცდელობისას. ერები, როგორც ცალკეული ადამიანები, ვარდებიან უაზრობაში, სიგიჟეში და თვითმკვლელობამდეც კი მიდიან. ვინ აუკრძალავს? ამას ვერავინ აუკრძალავს. ყველა თავისუფალია. მენანება ის რუსი ბიჭები, რომლებიც მაშინვე გაიქცნენ საბრძოლველად, სამუშაოდ, სიმღერაში - "არცახის" დასახმარებლად, რომელიც აქ აღიქმებოდა სომხეთის ნაწილად. სომხეთის მიწაზე რაღაც სამარცხვინო, სევდიანი ამბავი ხდება. ეს იმას გავს,  რუსეთში რომ ისევ და ისევ გორბაჩოვს ირჩევდნენ ხელისუფლებაში“.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ, კრემლს რომ რუსეთის ჰაის ლობის სურვილისამებრ გადაეწყვიტა, სამხედრო გზით დაემხო პაშინიანი და „დახმარებოდა“ სეპარატისტ „არცახს“, ზახარ პრილეპინი იმ პირველი პროპაგანდისტების რიგში იქნებოდა, რომლებიც „არცახელი“ სომხების „გენოციდისგან“ "ხსნისკენ" მოუწოდებდნენ.

 

მაგრამ, საბოლოოდ, რუსეთის ხელისუფლებამ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" სეპარატისტების "გადარჩენა" გადაწყვიტა და შეიჭრა უკრაინაში. ამ ხნის განმავლობაში აზერბაიჯანმა საბოლოოდ გაანადგურა „არცახი“ და სეპარატისტებმა დატოვეს აზერბაიჯანის ტერიტორია.

 

როგორც ჩანს, არცახში „გადასარჩენი“ აღარავინ დარჩა.  რევანშისტები კი კვლავაც შემორჩნენ თავად სომხეთის რესპუბლიკაში, ასევე რუსეთის ფედერაციაში და კრემლთან დაახლოვებულნიც არიან. იმედს არ კარგავენ, რომ რუსეთი, როგორც კი რესურსი ექნება, საქართველოს გავლით სომხეთამდე სამხედრო დერეფანს „გაჭრის“ და მათ, რევანშისტებს, იქ ხელისუფლებაში მოიყვანს. ამავდროულად, „შუა დერეფნის საკითხიც მოგვარდება“, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანიც გაიჭრება ჩინეთიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია, მათი გეგმებისამებრ, ჰაებს „არცახს“ დაუბრუნებს.

 

მაგრამ შუა დერეფანი ასევე გადის შუა აზიის ქვეყნებზე, ყაზახეთსა და უზბეკეთზე. და როგორც რუსეთის ფედერაცია ვერ დაიმორჩილებს სომხეთს საქართველოს აღების გარეშე, ასევე შეუძლებელია უზბეკეთის დაპყრობა ყაზახეთის აღების გარეშე.

 

რუსეთის ფედერაციის არამოსაზღვრე სახელმწიფოების „დაპყრობის“ გეგმების გახმოვანებით, და ამის გამართლება ამ ქვეყნებიდან რუსეთის ფედერაციაში მიგრანტების დიდი რაოდენობით, ზახარ პრილეპინმა ამით ფაქტობრივად ჩართო კრემლის პროპაგანდის არღანი ობივატელებისთვის და  ნეოიმპერიული რუსეთის მიერ ამგვარი სამხედრო ავანტიურებისთვის ინფორმაციის მომზადებისთვის.

 

გრიგოლ გიორგაძე

წაკითხულია : 568


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები