ანალიტიკა

რუსული პასპორტი ოკუპანტებისთვის აფხაზეთის მაცხოვრებლების კონტროლირების საშუალებაა მხოლოდ...

03.01.24 9:45


უახლოეს მომავალში ოკუპირებულ აფხაზეთში შეიძლება ისეთი ვითარება შეიქმნას, სადაც ოკუპანტები და მათი მარიონეტები აფხაზთა უმრავლესობის ცხოვრებას გაუსაძლისს გახდიან. მათ სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ აიღონ ქართული პასპორტები და იფიქრონ საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასახლებაზე.

 

აფხაზი საზოგადოებაჯერ კრემლისთვის ბიჭვინთის გადაცემასთან დაკავშირებული შოკიდან ვერ გამოვიდა, როდესაც მორიგი  "სასიხარულო ამბავი" შეიტყო, რომელიც აჩვენებს ოკუპანტებისა და მათი სეპარატისტული მარიონეტების რეალურ დამოკიდებულებას აფხაზების მიმართ. 2024 წლის 1 იანვარს აფხაზურმა ტელეგრამის არხმა «RESPUBLICA / РЕСПУБЛИКА» გამოაქვეყნა შემდეგი ინფორმაცია:

 

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყარომ იტყობინება, რომ ჩვენმა ანტიეროვნულმა ხელისუფლებამ მოსკოვში გაგზავნა აფხაზეთის მოქალაქეების სია (სავარაუდოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასოცირებული) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით. ამ საქმეს, ასლან ბჟანიას პირადი ზედამხედველობით, ახლა აქტიურად ეწევა აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“.

 

როდესაც 2008 წლის ომამდე რუსეთის ფედერაციამ  რუსული პასპორტების მასიური გაცემა დაიწყო სეპარატისტული აფხაზეთის და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის"მოსახლეობაზე, ბევრი აფხაზი ძალიან ბედნიერი იყო ამით. მათ სჯეროდათ, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მუდმივად მოქალაქეებად დარჩებოდნენ და ისარგებლებდნენ მასთან დაკავშირებული უფლებებით და შესაძლებლობებით.

 

აღმოჩნდა, რომ რუსული პასპორტი ოკუპანტებისთვის მხოლოდ საშუალებაა აფხაზეთის მაცხოვრებლების კონტროლირებისა. და მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩამოართვან "მეამბოხეებს" რუსეთის მოქალაქეობა. რის შემდეგაც რუსულ პასპორტს მოკლებულებს აღარ ექნებათ აფხაზეთის ფარგლებს გარეთ გამგზავრების, რუსული პენსიებისა და შეღავათების მიღების შესაძლებლობა და ა.შ.

 

აფხაზების წინააღმდეგ რეპრესიების დაწყების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელები უკვე გამოეხმაურნენ. ტელეგრამის არხის „ABKHAZIA CENTER“-ის თანახმად, აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებისათვის და აფხაზეთის სხვა მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა „ტექნიკურად მოსახერხებელი გამოსავალია: შეგიძლიათ აკრძალოთ რუსეთში შესვლა ფსოუს მეშვეობით, შეუძლებელი გახადოთ მოგზაურობა, შექმნათ უამრავი ყოველდღიური პრობლემა, დააშინოთ ვინც ყოყმანობს და ა.შ.“

 

ამავე ტელეგრამის არხი მიიჩნევს, რომ „განაწყენებულ და კუთხეში მიმწყვდეულ ადამიანებს აიძულებენ აიღონ ქართული პასპორტები და აუღებენ თუ არა გემოს, განაცხადონ, რომ ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ და არ უნდა ჩაბღაუჭებოდნენ სანქცირებულ არწივის გამოსახულებიანს“.

 

პრინციპში, „კავკასუს პლუსი“ დიდი ხანია წერს, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება, რისი უფლებაც ყველა აფხაზს გამონაკლისის გარეშე აქვს, ბევრი აფხაზისთვის არის ერთადერთი შანსი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყველა შესაძლებლობის მისაღებად. ეს არის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, რასაც დღეს რუსული პასპორტი არ იძლევა. ეს მრავალი ახალგაზრდა აფხაზისთვის გადარჩენის შესაძლებლობაა.

 

კრემლი ხომ არ აპირებს უკრაინაში ომის დასრულებას. ახალი „მობილიზაციის ტალღა“ რუსეთის ფედერაციაში, ექსპერტების აზრით, უბრალოდ გარდაუვალია. ამ მობილიზაციით ოკუპანტებს შეუძლიათ მთელი აფხაზი ახალგაზრდობა „გადარეკოს“ და უკრაინის ფრონტზე „საზარბაზნე ხორცად“ გადაისროლოს.

 

ამ თვალსაზრისით, ასეთი ახალგაზრდებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა, მიუხედავად უფლებების აშკარა დაკარგვისა, სიცოცხლის დარჩენის შანსია. თუმცა, ეს ოკუპანტებსაც მშვენივრად ესმით. ამიტომ, დიდი ალბათობით, იმ აფხაზებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჯარში გაწვევას, პირველ რიგში ჩამოართმევენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას.

 

ასეა თუ ისე, ყველა ის აფხაზი, ვინც აფასებს თავისი ქვეყნისა და ხალხის მომავალს და არ სურს ოკუპანტების მანიპულაციების მძევლები გახდნენ, თავად ცხოვრება და ოკუპაციის რეალობა მიჰყავს საქართველოს მოქალაქეობის მიღების აუცილებლობამდე. და სწორედ საქართველოს უკავშირებს საკუთარი ხალხის მომავალს.

 

აფხაზებს კრემლთან მომავალი არ აქვთ. ბიჭვინთა მხოლოდ დასაწყისია. ჯერ მთელ მიწას წაართმევენ აფხაზებს და მერე სიცოცხლეს. ახალგაზრდების ნაწილს უკრაინის ომში სასიკვდილოდ გაგზავნიან, ნაწილს კი რეპრესიებით გაანადგურებენ. ამ უკანასკნელში შეგახსენებთ, რომ კგბ-ფსბ-ს ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს.

 

ალექსანდრე ზაქარიაძე

 

წაკითხულია : 2008


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები